ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ანწუხელიძის გმირობამ ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში
„გიორგი ანწუხელიძისა და მისი თანამებრძოლების გმირობამ ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„დღეს გიორგი ანწუხელიძე 30 წლის გახდებოდა. 2008 წლის 9 აგვისტოს იგი გმირულად დაიღუპა და გმირად იშვა სამშობლოსათვის. უახლოეს ისტორიაში ძნელად მოიძებნება ვაჟკაცობის, ქედუხრელობის, უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების მსგავსი მაგალითები. მხოლოდ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ვაჟკაცს შეეძლო იმ არაადამიანური წამებისთვის გაეძლო და ბოლომდე შეენარჩუნებინა ღირსება. გიორგი ანწუხელიძისა და მისი თანამებრძოლების გმირობამ, ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. ამიტომაც შეუძლებელია მასთან ერთად არ გავიხსენოთ ჩვენი გმირი ბიჭები – მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე და მრავალი სხვა. ამ ბიჭებიდან არც ერთი არ ფიქრობდა გმირობაზე, მათი საფიქრალი მხოლოდ სამშობლო და მშობლიური მიწა იყო, მიწა, რომელზეც იმ წუთში იდგნენ. სწორედ ასეთი გმირების თავდადებამ მოიყვანა დღემდე საქართველო“, – აღნიშნულია წერილში.