ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ცერემონია პირველად გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები.
საზეიმო ღონისძიების რეჟისორი იყო მანანა ბერიკაშვილი; საღამოს უძღვებოდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები – არჩილ სოლოღაშვილი და ნინო მითაიშვილი; ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობდნენ ეკა კახიანი, მაია ჯაბუა და თამუნა ხმიადაშვილი.
„საქართველოს კულტურის სამინისტროს ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადდა და დაჯილდოება პირველად გაიმართა. 2022 წლის საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ: ლაშა თაბუკაშვილი, სოსო ჭუმბურიძე, ანდრო ბუაჩიძე, თემურ ჩალაბაშვილი და გია მურღულია. მათ გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
• „ქალი პროზაიკოსი“ – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
• „ქალი პოეტი“ – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
• „ქალი მთარგმნელი“ – საუკეთესო თარგმანისთვის.
საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა ნომინაციისთვის „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:
• მარიამ ძიძიგურს (წიკლაური) ნომინაციაში „ქალი პოეტი“, კრებულისთვის „რისკჯგუფი“;
• ნორა სიხარულიძეს ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“, წიგნისთვის „სარკმელი“;
• თამარ ლომიძეს ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, აირის მერდოკის რომანისთვის „ზღვა” (გამომცემლობა „დიოგენე“).
ლიტერატურული პრემია „ანას“ მიზანია ქალი ავტორებისა და მთარგმნელების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა-წახალისება, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალი სახელების წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. საკონკურსოდ განიხილებოდა კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი და ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
კონკურსი 20 ივლისს გამოცხადდა. ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროს ოცდაცხრამეტმა განმცხადებელმა მომართა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები