თბილისის აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრი, ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე – ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. “ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი – „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები