საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: სააკაშვილმა ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა

შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა, უარი განაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, ვასილ კაკაშვილმა კლინიკა “ვივამედის” დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიზეზად სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

“ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების, ნიმუშის აღების მიზნით. შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დღეს არ სურდა ნიმუშის აღება, თუმცა, მას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედება”, – თქვა კაკაშვილმა.

კაკაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი ნიმუშის წარდგენა. ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მძიმე მეტალების აღმოჩენა თმის ან ფრჩხილის ნიმუშით ხდება და არა სისხლის ნიმუშით, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში ეყრდნობიან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

“ჩვენ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ გაგვცემენ პასუხებს ყველა გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო გაიდლაინებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, – განაცხადა კაკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები