ბაკურ აბულაძე: საქართველოს პროკურატურა აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ, კოორდინირებულ მუშაობას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. ამას მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო მსოფლიოში იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. ამ ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით.” – აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

ბაკურ აბულაძის თქმით, აღნიშნული მონაცემებით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს და წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც პირველ კალათაში იკავებს ადგილს. მან ასევე ისაუბრა 2022 წლის 9 თვის სტატისტიკურ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი ტრეფიკიორის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით, ხოლო, დაზარალებულად ცნობილია ერთი პირი. როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ განაცხადა, 2022 წელს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ასევე, ეუთოს და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული სიმულაციური ტრენინგები დაიწყო, რომელიც პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„საქართველო მოწინავე სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აღნიშნული სასწავლო კურსი ინერგება. პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობას ქვეყანაში და საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას აღნიშნული მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევების და ადამიანით ვაჭრობის შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესების გარდა, პროფესიონალებს ეს კურსი პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებასა და დასჯაშიც შეუწყობს ხელს,” – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

საპროკურორო საბჭოს წინაშე 2022 წლის სამუშაო ანგარიშის წარდგენისას, ბაკურ აბულაძემ ასევე მიმოიხილა მიმდინარე წლის 9 თვეში ტრეფიკინგის მიმართულებით ჩატარებული სასწავლო აქტივობები და ისაუბრა მათ დადებით გავლენაზე ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით. მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანმიმდევრული და კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელებას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები