კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა სახელმძღვანელოს ტიპის წიგნის – „ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“ – წარდგენა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„ქართული შრიფტი გრაფიკოს- დიზაინერებისთვის“ გამოიცა კულტურის სამინისტროს კონკურსის – „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“ – ფარგლებში. წიგნის ავტორია ნინო ჯიშკარიანი, თანაავტორი – მერაბ გეწაძე.
„ქართული შრიფტი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის“ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც განკუთვნილია ქართული ასო-ნიშნების მოხაზულობით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი გრაფიკოს-დიზაინერებისთვის. წიგნი შედგება ხუთი ნაწილისგან. შესავალი გვაწვდის ინფორმაციას ქართული შრიფტის განვითარების ისტორიისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ; წიგნის ძირითადი ნაწილი – პრაქტიკული სახელმძღვანელო გრაფიკოს-დიზაინერებისთვის, ეხება ქართული ასონიშნების აგებისა და სიბრტყეზე განთავსების წესებს; საგანმანათლებლო ტექსტთან ერთად, თვალსაჩინოებისთვის, მესამე ნაწილში წარმოდგენილია ქართულ შრიფტზე სხვადასხვა დროს მომუშავე პროფესიონალი მხატვრების მიერ ხელით შექმნილი შრიფტები; მეოთხე ნაწილში თანამედროვე, კომპიუტერული ფონტების ნიმუშებია ანოტაციებით, ხოლო მეხუთე ნაწილი ეთმობა ქართულ შრიფტს ურბანულ სივრცეში.
 სახელმძღვანელო-გზამკვლევის გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც გრაფიკოს-დიზაინერებისთვის, ისე, ზოგადად, სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისა და ქართული შრიფტის განვითარების პერსპექტივისთვის“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 სიტყვით გამოვიდნენ: სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, წიგნის ავტორი ნინო ჯიშკარიანი, თანაავტორი მერაბ გეწაძე, ხელოვნებათმცოდნე მარიამ გაჩეჩილაძე, მწერალი გურამ ოდიშარია, მხატვარი ალექსანდრე სლოვინსკი და დიზაინერი ნოდარ სუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები