“საქართველოს სათემო კავშირი” – ჭკვიანი ქართული სოფლის აღორძინებისთვის

„სოფელი ღონიერია თუ კაცი გონიერია“- ჩვენი წინაპრების ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში არა ერთხელ დავრწმუნდით. მით უფრო დღეს, როცა ქართული სოფლები დაცარიელდა და გონიერი კაცისგან რეალურ შველას ითხოვს.

„საქართველოს სათემო კავშირი-გზა წარმატებისკენ“- ასეთი იყო სლოგანი არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 3 დეკემბერს, „Radisson Blu Iveria“-ში გაიმართა. ორგანიზაციამ, რომელიც 700 000 წევრს აერთიანებს, მიზნად დაისახა საქართველოში ე.წ. ჭკვიანი სოფლის პროგრამის განხორციელება.

პრეზენტაციაზე გამოსულმა კავშირის წევრებმა მათ მიერ ამ ეტაპზე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლოდ დასახული მიზნების შესახებ ისაუბრეს. ითქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სათემო კავშირის მიერ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი ჯერ ისევ წინ არის. „საქართველოს სათემო კავშირი“ იმის რეალური მაგალითია თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქმიანი ურთიერთობა სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან, რომლის ხელმძღვანელიც ილია თამარაშვილია. ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომლის თანამშრომლები ამ ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

ორგანიზაციის წევრის, გია კოზმანიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირისთვის. პანდემიამ დაგვანახა, რომ სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და ჩვენი საგანმანათლებლო პროექტები სწორედ სოფლის მეურნეობაზე მორგებული იქნება. აქვე აღვნიშნავ იმ მიმართულებას, რომლის სპეციალისტიც თავად გახლავართ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი ტრადიციული დარგის აღორძინებას, როგორიცაა, მესაქონლეობა. ეს დარგი დღეს სავალალო მდგომარეობაშია და შველას მოითხოვს. „სათემო კავშირს“ მომავალში განზრახული აქვს საქმიანობის არეალი გააფართოოს. საამისოდ, სოფელ-სოფელ და კარდაკარ შემოიაროს და მოსახლეობის ცნობიერების დონე აამაღლოს. მოკლედ, ქართული სოფლის სასიკეთოდ წინ დიდი საქმეები გველოდება”,- აღნიშნა კოზმანიშვილმა.

ამ ეტაპზე „საქართველოს სათემო კავშირთან“ აქტიურად თანამშრომლობს ებრაული კომპანია “Alecom group”, რომლის დახმარებითაც ქართულ სოფლებში ინოვაციური ტექნიკა შემოვა.  პრეზენტაციაზე ამ კომპანიასა და საქართველოს სათემო კავშირს“ შორის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი. კონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სწორედ საგანმანათლებლო მიმართულება დაძლევს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რაც დღეს ქართული სოფლის წინაშე დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები