ონლაინშეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და მადლიერების ნიშნად გაგზავნილი ვირტუალური გულები 

ბოლო დროს ფსიქოლოგები აქტიურად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც შესაძლოა, პანდემიამ ბავშვების ბუნებასა და ფსიქიკას შეუქმნა. კომუნიკაციას მოკლებული მოზარდების გასახალისებლად სხვადასხვა საჯარო სკოლის მასწავლებლებმა საჭიროდ ჩათვალეს კლასგარეშე ონლაინშეხვედრების უფრო ხშირად ორგანიზება და ჩატარება. მსგავსი ტრადიცია პანდემიის შემდეგაც გრძელდება. 

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლა ამ მხრივ გამორჩეულია. ამ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მანია (გალინა) ქასოშვილი, რომელიც  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტის – „მადლობა მასწავლებელო“ საუკეთესო პედაგოგების ათეულშია შესული, თავის მოსწავლეებს ხშირად უწყობს ონლაინ შეხვედრებს. მისი ღია გაკვეთილები, საინტერესო ადამიანებთან ვირტუალური შეხვედრები ყოველთვის გამორჩეული, შემეცნებითი და კრეატიულია. სკოლის ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის მიერ ჩატარდა. მას კათედრის წევრები, კლასის დამრიგებლები და პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

“ამგვარ ონლაინ ღონისძიებებს ბოლო ორი წელი სულ ვატარებთ. მსგავსი გამოცდილება პანდემიის დროს დაგვიგროვდა. ყოველ ასეთ ჩართვა-შეხვედრას ბავშვები ხალისით ხვდებიან. ეს მათთვის იმის საშუალება და შანსია, რომ შეხვდნენ და პირადად გაესაუბრონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც ასე თუ ისე ბავშვებთანაა დაკავშირებული. მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან მათ და საბოლოოდ, კომუნიკაციის ერთგვარი გამოცდილება შეიძინონ. რამდენიმე დღის წინ, მსგავსი შეხვედრა შედგა ფილოლოგსა და ჟურნალისტთან, საბავშვო ლექსების ავტორთან, თეონა გოგნიაშვილთან. მასთან შეხვედრა იმ მიზეზითაც შეირჩა, რომ ამ ავტორის ლექსებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკოლოგიურ თემატიკას და სხვადასხვა პრობლემა ბავშვებისთვის გასაგები და მისაღები ენითაა გადმოცემული. ამ შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. ბავშვებმა ავტორს მისი ლექსები წაუკითხეს, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები მისი ჟურნალისტური საქმიანობიდან, ისაუბრეს მათთვის სასურველ მომავალ პროფესიასა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხზე. საუბრის ბოლოს ჟურნალისტმა მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის გულწრფელი მადლობა გადაგვიხადა.

კიდევ ერთი ონლაინშეხვედრა იმიტომაც ვამჯობინეთ, რომ სურვილი გვქონდა, მასში მშობლებიც ყოფილიყვნენ მაქსიმალურად ჩართული. განსაკუთრებით გვინდოდა – მამებიც დასწრებოდნენ, რადგან ისინი სკოლაში ნაკლებად დადიან ხოლმე. ამჯერად, ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ. აქვე, აუცილებლად მინდა, ჩამოვთვალო ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგები: ნაზი ურთაშვილი, ცისანა კუკულაძე, რუსუდან სარსევანიძე, მალვინა ვარდულაძე,  შორენა ხარებაშვილი და პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეები, სულ 25 ბავშვი. ონლაინშეხვედრაზე ბავშვები ისევე აქტიურობდნენ, როგორც – კლასში, გაკვეთილის დროს. ეს დღე რომ მართლა გამორჩეული იყო, ამის დასტურად მოწვეულ სტუმარს შეხვედრის ბოლოს ბავშვებმა ვირტუალური გულები და ღიმილაკები გაუგზავნეს. ამ ონლაინ ღონისძიებამ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა”, – განაცხადა მანია (გალინა) ქასოშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები