ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის  მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში  მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს თხილის მოსავალიც მცირე იყო და ხარისხიც დაბალი, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, კლიმატური პირობები. უხვმა ნალექებმა  ხელი შეგვიშალა, რომ შესაბამისი ღონისძიებები სრულფასოვნად ჩატარებულიყო. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენი ფერმერის შემოსავალზე აისახა. თხილის სექტორში 10,000 ოჯახი არის დასაქმებული და ბევრი მათგანისთვის ეს არის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. ამავდროულად, ქართული თხილი  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია; სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობამ თქვენთან, ასოციაციასთან, პარლამენტის კომიტეტთან, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო ამ დარგის მხარდაჭერის კუთხით; შესაბამისად, შეიქმნა და ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 0,2 ჰა-დან  3-ჰას ჩათვლით  თხილის ბაღი. სუბსიდიის მოცულობა განსაზღვრულია  500 ლარით,  ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით. დახმარება გაიცემა აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით, რომლებსაც ფერმერები გამოიყენებენ სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად.  

მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების  რეგისტრაცია   თხილის კადასტრში.

პროგრამაში მონაწილეობას დაახლოებით 100,000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40,000  ჰა-ზე  ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება.  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები