“დუმის დეპუტატის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით” – გია ვოლსკი

ოპოზიციამ საქართველოს ინტერესები რუსეთის ოლიგარქიას მიყიდა – დუმის დეპუტატის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც იმ პერიოდში სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის სპიკერის ჩასვლას.

ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ამ საკითხზე აპელირებით ხავსს ეჭიდება და ამით ისინი თავის ჩადენილ დანაშაულს ვერ გადაფარავენ.

„ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. მან ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არა მარტო ტერიტორიები, არამედ – სტრატეგიული ობიექტები, გაყიდა საქართველოს ინტერესები და მიყიდა ის რუსეთის ოლიგარქიას, ეს არის რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდა, მაგრამ მეტს გეტყვით, პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ნამყოფი და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის დეპუტატის ჩასვლა არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა იმ პერიოდში და პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, მეასეხარისხოვანია ეს და იმ დანაშაულს რაც თვითონ აქვთ, ჩადენილი, ვერ გადაფარავენ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. სოხუმის აეროპორტში მას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ლიდერი, ლაშა აშუბა დახვდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ასევე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები