გიორგი მღებრიშვილი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ესტუმრა

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ეწვია.
მინისტრმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაწესებულებაში მიმდინარე ყოველდღიურ საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს დაესწრო. ასევე მინისტრი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა, შთაბეჭდილებები გაუზიარა, მათი სურვილებითა და საჭიროებებით დაინტერესდა და დახმარებას დაჰპირდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გიორგი მღებრიშვილმა აქტიურ მსჯავრდებულებს რეაბილიტაციის პროცესში წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დაგეგმვისას მაქსიმალურად გაითვალისწინებენ მათ რჩევებსა და საჭიროებებს.
მინისტრმა პირადად შესთავაზა მსჯავრდებულებს, გათავისუფლებამდე ტატუს მოშორება და წარსულის დამღისგან გათავისუფლება, რასაც მოზარდები ენთუზიაზმით შეხვდნენ.
მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების სარეაბილიტაციო დაწესებულებად გარდაქმნა, მათთან მუშაობის ახლებური მიდგომები და გაძლიერებული სარეაბილიტაციო პროგრამები, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა ნათლად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ.
„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვუდგებით არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ურთიერთობას. პირადად ჩემთვის თითოეული მათგანის წარმატებული რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვიცი, რომ ეს ბიჭები ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ და მათი ხელშეწყობით ჩვენ საქართველოს ვეხმარებით“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება სარეაბილიტაციო დაწესებულებად ტრანსფორმირდა და, შესაბამისად, არასრულწლოვანთათვის გაიზარდა სატელეფონო საუბრების, ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის რაოდენობა, გაფართოვდა წახალისების ფორმები, კერძოდ, მათ შეუძლიათ ამანათით ან ფოსტით მიიღონ ისეთი ნივთები, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჩვეულებრივ არ აქვს, თუმცა აკრძალულიც არ არის. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, ასევე წახალისების ფორმით, კომპიუტერული თამაშებით სარგებლობის უფლებაც მიეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები