გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხი განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან სოლომონ პავლიაშვილთან, კახა კაკაბაძესთან, ზურაბ ეზუგბაიასთან და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მონაწილეებმა სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასიდან გადასვლა ეკოლოგიურად და ფინანსურად სიცოცხლისუნარიან ალტერნატივებზე“ შედეგების განხილვას, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობასა და ცოცხალ ორგანიზმებზე ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნეგატიური ზეგავლენის საკითხს.
„არაერთი კვლევის და ანგარიშის შედეგები ცხადყოფს პლასტიკის მოხმარებით გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების და გარემოს დაბინძურების უარყოფით ფაქტს. სახელმწიფომ, კერძო სექტორმა, დონორმა ორგანიზაციებმა მაქსიმალური კოორდინაციით უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, რათა ეფექტიანად დარეგულირდეს სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტიკის მოხმარება და ჩანაცვლდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო ალტერნატივებით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკმა „შავი ზღვის გალურჯება” (BBSEA) პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ ანგარიში წარმოადგინა.
კვლევა ოთხი მიმართულებით განხორციელდა: ზღვის პლასტმასით დაბინძურების ხარისხის დიაგნოსტიკა; მდინარეებიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღების ტექნოლოგიების შეფასება; პლასტიკთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება; შავი ზღვის მიკროპლასტიკით დაბინძურების ხარისხის შეფასება.
სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტიკის მოხმარების რეგულირებისთვის, ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია იგეგმება.