შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანების ბრძოლაა და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს

რასაც ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვხედავთ, ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც მათი მმართველობის დროს საქართველოში იყო და რაც უნდათ, რომ საქართველოში იყოს, თუკი ისინი აბსოლუტურ ძალაუფლებას დაიბრუნებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ კლანების ბრძოლა მიმდინარეობს და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

„საერთო ჯამში პრობლემა არ არის ხელმძღვანელობაში, პრობლემა არის იმ პრინციპებზე, რომელზეც დგას ეს პარტია. ეს არის არაფორმალური გავლენის, ძალადობის და ყველა მანკიერი პრინციპების გამოვლენა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ცხრა წლის განმავლობაში აკვირდებოდა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და რომელსაც ჩვენი მოსახლეობა აკვირდება 10 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში, რომელიც დაცლილია პატრიოტიზმისგან, დაცლილია ადამიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულებისგან, რომელიც გულისხმობს თანამედროვე გაგებას ადამიანის მიმართ ღირსეული დამოკიდებულებისა. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ვერ გადაწყდება ხელმძღვანელობის ცვლილებით, ეს არის პროცესი თვითრეფლექციის, რომელიც უნდა გაიაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული ჩვენი ხალხის წინაშე რაც მათ მიუძღვით, რატომ არის, რომ ქართველი ხალხი მათ კატეგორიულ უარს ეუბნება წლებია, რომ მისცენ მინიმალური ძალაუფლებაც კი. ამას როცა გააცნობიერებენ, შესაძლებელია, რაიმე სიკეთე დადგეს ამ ყველაფრისგან. სხვა მხრივ, ეს უბრალოდ არის შიდაპარტიული გადანაცვლება, კლანების ბრძოლა პარტიაში და რომელი კლანი გაიმარჯვებს, ამას ჩვენი მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები