კოტე მარჯანიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კოტე მარჯანიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააცოცხლეს სცენები რეჟისორის სპექტაკლებიდან. თეატრმცოდნეებმა გია ცქიტიშვილმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, მაკა ვასაძემ და კინომცოდნე ზვიად დოლიძემ ისაუბრეს კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო და აქამდე უცნობ ეპიზოდებზე. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ სასცენო კოსტიუმები კოტე მარჯანიშვილის დადგმებიდან.
საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
კოტე მარჯანიშვილი გახლდათ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც XX საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ქართული თეატრის განვითარების სათავეებთან იდგა. 1922-1926 წლებში რეჟისორმა რუსთაველის თეატრში რამდენიმე სპექტაკლი დადგა, მათ შორის: ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, გიორგი ერისთავის „გაყრა“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, შექსპირის „უინძორელი მხიარული ქალები“ და „ჰამლეტი“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“.
1926 წელს მან დატოვა რუსთაველის თეატრი და 1928 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, დააფუძნა ახალი, ქუთაის-ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელმაც 1930 წლიდან, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრმა, თბილისში განაგრძო ფუნქციონირება. 1928-1933 წლებში ამ თეატრში რეჟისორმა არაერთი სპექტაკლი დადგა, მათ შორის: ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, შალვა დადიანის „კაკალ გულში“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, უილიამ შექსპირის „ოტელო“, თამარ ვახვახიშვილის პანტომიმა „ხანძარი“, ხალხური თქმულება „არსენას ლექსი“.
კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მეორე სახელმწიფო თეატრს დიდი რეჟისორის სახელი ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელიც საგასტროლოდ ქვეყნის გარეთ – მოსკოვსა და ხარკოვში გაემგზავრა.
სასცენო ხელოვნების გარდა, კოტე მარჯანიშვილი მოღვაწეობდა კინემატოგრაფშიც. მან გადაიღო სხვადასხვა ჟანრის ფილმები, მათ შორის: „ქარიშხლის წინ“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „გოგი რატიანი“, „ამოკი“, „კრაზანა“ და „კომუნარის ჩიბუხი“.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დიდი ქართველი რეჟისორის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა წლის ბოლომდე კიდევ არაერთი პროექტით გაგრძელდება, კერძოდ, დაგეგმილია კოტე მარჯანიშვილის ხუთი ე.წ. მუნჯი ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა თოჯინური სპექტაკლი „ოტელო“, რომელშიც გამოყენებულია პეტრე ოცხელის მიერ კოტე მარჯანიშვილის ამავე სახელწოდების სპექტაკლისთვის შექმნილი ესკიზები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები