ფაშინიანი: ჩვენ აზერბაიჯანისთვის სატრანზიტო შეზღუდვებს ვაუქმებთ

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ სომხეთის ბიუჯეტს აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობის პირობებში განვიხილავთ,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არიან, უზრუნველყონ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამ ეტაპზე ერთადერთი ვარიანტია, რომლის განხორციელებაც ქვეყანას დღესვე შეუძლია.

“წელიწადი და რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში არასდროს გვქონია ასეთი წელიწადი და რვა თვე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამყარებულმა მშვიდობამ ახალი ფაქტები და გარემოებები გამოავლინა.

“კერძოდ, მე ვგულისხმობ აზერბაიჯანის განცხადებას, რომ ბაქო სომხეთისთვის სატრანზიტო შეზღუდვებს ხსნის. ეს, არსებითად, ისტორიული მოვლენაა, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ ბლოკადის მოხსნის პირველ ეტაპს აღნიშნავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა უპასუხოს ამ განცხადებებს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები”,- დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები