როგორ ავიცილოთ თავიდან უბედური შემთხვევები ბუნებრივი აირის მოხმარების დროს – “თბილისი ენერჯის” წარმომადგენლის რეკომენდაციები ზამთრის სეზონის წინ

როგორ ავიცილოთ თავიდან უბედური შემთხვევები ბუნებრივი აირის მოხმარების დროს – ამასთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, დავით ბალავაძემ გააკეთა.

“პირველ რიგში, მთავარი რეკომენდაციაა, რომ აბონენტები სანამ გაზის დანადგარებს ჩართავენ, ანუ გათბობის მიზნით გამოყენებას დაიწყებენ, მანამდე დარწმუნდნენ, რომ გაზის დანადგარი სწორადაა დამონტაჟებული. ამისთვის ჩვენს ცხელი ხაზზე: 2 40 40 04 -ზე უნდა დაგვიკავშირდნენ და ტექნიკური ხარისხის შემოწმება მოითხოვონ. ჩვენი მხრიდან ეს მომსახურება უფასოა. ასევე თავად დანადგარის მოხმარების დროს ყურადღებით უნდა იყვნენ, ანუ ანთებული გაზქურა და ამ ტიპის დანადგარები უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ, ფართი ხშირად გაანიავონ და დარწმუნდნენ, რომ მათ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარი დამონტაჟებული არ არის. თუ გაზის სუნი გვცემს, ამ შემთხვევაში 114-ზე უნდა დავრეკოთ, ეს სწრაფი რეაგირების სამსახურია.

როცა ჩვენი აბონენტები რეკავენ და ტექნიკური ხარისხის შემოწმებას ითხოვენ, განვმარტავ რას მოიცავს ჩვენი მხრიდან ტექნიკური ხარისხის შემოწმება: ეს არის ადგილზე მისვლა, გაზის შიდა ქსელის, გაზ-დანადგარების უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ნორმებზე შემოწმება, ანუ რამდენად გამართულად, სწორადაა ქსელი დამონტაჟებული, გაზის გაჟონვას ხომ არ აქვს ადგილი. ერთსაც აღვნიშნავ: გაზქურის გამოყენება გათბობის მიზნით არ შეიძლება”- განაცხადა ბალავაძემ.

მანვე განმარტა, როგორ შეიძლება, ზამთარში გაზის გადასახადი შევამციროთ.

“გაზისგან მიღებული სითბო სწორად უნდა გამოვიყენოთ, რათა გაზი ეკონომიურად მოვიხმაროთ. სწორად გამოყენება რას გულისხმობს: ერთ მაგალითს მოვიყვან, რათა უფრო ნათელი იყოს – თუნდაც გამათბობლის ახლოს რაიმე ავეჯის, ან თუნდაც დივნის დადგმა ოთახში სითბოს განაწილებას აფერხებს. ასეთ შემთხვევაში გაზს უფრო მეტი რაოდენობით მოიხმართ. წარმოიდგინეთ, გაზის გამათბობლის, ან თუნდაც ცენტრალური გათბობის წყლის რადიატორების პირდაპირ დივანს თუ მივადგამთ, გარკვეულ სითბოს ეს დივანი წაიღებს, სითბოს განაწილება სახლში ნაკლებად მოხდება, ის დანადგარი უფრო მეტ გაზს მოიხმარს, იმ ტემპერატურამდე რომ ავიდეს, რაც მითითებული გვაქვს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახლის ჰერმეტულად შეკვრა. თუ ბევრი ხვრელი არსებობს, საიდანაც სახლში ცივი ჰაერი შემოდის, მაშინ, სახლის გასათბობად, რა თქმა უნდა, გაზიც მეტი გვჭირდება. ძირითადი რჩევა ჩვენი მხრიდან ის იქნება, რომ სახლი ჰერმეტულად შეკრული იყოს, რათა სითბოს ეფექტური გამოყენება მოხდეს” – განაცხადა ბალავაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების 4 700-მდე დარღვევაა გამოვლენილი.
“ზოგადად, დარღვევის ბევრი ტიპი არსებობს. წინა წლებში ყველაზე პრობლემური ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟი იყო. თუმცა, ამას გარდა, სხვადასხვა ტიპის დარღვევას მაინც ვაწყდებით. ეს ისეთი ტიპის დარღვევაა, როცა აქედან გამოწვეული უბედური შემთხვევა, უმეტესწილად, ფატალურად მთავრდება. მაგრამ, ასევეა, შიდა ქსელის გაუმართაობა, გაზგაყვანილობის არასწორი გაყვანა, გაზის დანადგარების არასწორი მოხმარება – ამ ტიპის დარღვევებსაც ვაწყდებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წლებში კომპანიის თანამშრომლების მუშაობამ საკმაო ეფექტი გამოიღო, ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ქვემოთაა ჩამოსული. თუმცა, სხვა გამოწვევებიცაა. უმეტესად დარღვევები გაქირავებულ ბინებზე მოდის” – განაცხადა ბალავაძემ “კვირას” პრესკლუბში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები