“ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები.
„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის, ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველა არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით პარტიის „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. სინამდვილეში, ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლად. ხმად თვლიან „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წარმომადგენლებად.
ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც სირცხვილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.