ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისება გარედან, ჩვენთვის სიახლე არ არის – ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი, – განაცხადა, დღეს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველო დელეგაციის არმონაწილეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, მთავარი პლატფორმა ქვეყნის ხელისუფლებისთვის არის საქართველო, ქართველი ხალხი და მათი მხარდაჭერა.
„პლატფორმას რაც შეეხება ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ხალხის გადაწყვეტილება და მხარდაჭერა. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, არაფერი არ არის. როდესაც წარმოადგენ ქვეყნის ხელისუფლებას, თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, წარმოუდგენელია რაიმეზე ისაუბრო, თუნდაც მშვიდობის შენარჩუნებაზე, ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. რაც შეეხება ზოგადად ძალადობრივი ჯგუფებისა და ექსტრემისტების წახალისებას, ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. გარე ძალები ქვეყანაში, კონკრეტული დიპლომატებისა და იმ რამდენიმე აკაცუკის ჩართულობით, პირდაპირ ახალისებენ პოლარიზაციას, ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან შეურაცხმყოფელი. თუმცა, ხალხი ყველაფერს ხედავს და არჩევნების გზით ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.