“ბოლო 9 თვეში ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების 4 700-მდე დარღვევაა გამოვლენილი, დარღვევების უმეტესობა გაქირავებულ ბინებზე მოდის” – დავით ბალავაძე

მიმდინარე წელს, ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების 4 700-მდე დარღვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, დავით ბალავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარღვევების უმეტესობა გაქირავებულ ბინებზე მოდის.

“ბოლო 9 თვის განმავლობაში ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების 4 700-მდე დარღვევაა გამოვლენილი. მათ შორის ყველაზე საშიშად [უბნად] მოიაზრება, ანუ ყველაზე მეტი მაჩვენებელია: ისანი-სამგორი-ვაზისუბანი-ვარკეთილის რაიონში, სადაც დაახლოებით, 1500-მდე დარღვევაა, შემდეგია გლდანი-სანზონის რაიონი,სადაც დაახლოებით 1 100 დარღვევა, მესამე ადგილზეა ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონი, სადაც დაახლოებით 900-მდე დარღვევაა. აქ მოიაზრება ის, რომ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, გადაამოწმეს და ისეთი ტიპის ხარვეზი გამოვლინდა, რაც ადგილზე მყოფ ადამიანებს საშიშროებას უქმნიდა. ამას ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
ზოგადად, დარღვევის ბევრი ტიპი არსებობს. წინა წლებში ყველაზე პრობლემური ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟი იყო. თუმცა, ამას გარდა, სხვადასხვა ტიპის დარღვევას მაინც ვაწყდებით. ეს ისეთი ტიპის დარღვევაა, როცა აქედან გამოწვეული უბედური შემთხვევა, უმეტესწილად, ფატალურად მთავრდება. მაგრამ, ასევეა, შიდა ქსელის გაუმართაობა, გაზგაყვანილობის არასწორი გაყვანა, გაზის დანადგარების არასწორი მოხმარება – ამ ტიპის დარღვევებსაც ვაწყდებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წლებში კომპანიის თანამშრომლების მუშაობამ საკმაო ეფექტი გამოიღო, ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ქვემოთაა ჩამოსული. თუმცა, სხვა გამოწვევებიცაა.
უმეტესად დარღვევები გაქირავებულ ბინებზე მოდის. ანუ ვიღაცამ ბინა დაიქირავა, მაგრამ გაზის შიდა ქსელი არ შეამოწმებინა. თვითონ გამქირავებელმაც ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან შეიძლება, თვითონ იქ არ ცხოვრობს.
ერთ აქცენტს გავაკეთებდი: აცივდა და გაზის მოხმარება აქტიური ხდება, თბილისი აქტიურადაა დატვირთული, ჩვენი სტუდენტები რეგიონებიდან ჩამოდიან, ჩვენი რჩევა იქნება – იმ ხალხმა, ვინც ახლა პირველად ჩამოვიდა, ბინა იქირავა, აუცილებლად გადამოწმება მოითხოვოს. ჩვენს ცხელ ხაზზე 2 40 40 04-ზე დარეკონ, უთხრან, რომ ბინა იქირავეს, გაზის ქსელის და დანადგარების გადამოწმება მოითხოვონ – თუ რამდენად უსაფრთხოდაა დამონტაჟებული. ჩვენი სპეციალისტები ადგილზე მივლენ, შეამოწმებენ, თუ რაიმე ხარვეზს აღმოაჩენენ, რეაგირებასაც მიიღებენ და ინსტრუქციებსაც მისცემენ, თუ როგორი უნდა იყოს შემდგომი რეაგირება. ეს მომსახურება უფასოა. ჩვენ წინასწარ დავუკავშირდებით, მისვლის დროზე შევუთანხმდებით”- განაცხადა ბალავაძემ.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

“[ბუნებრივი აირით გარდაცვალებულთა და მოწამლულთა] ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით. ერთი შემიძლია, გითხრათ, რომ წინა წლებთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია, გარდაცვალების ფაქტი ერთი თუ ორი იყო, როცა წინა წლებში, შეიძლება, წელიწადში ოცზეც ასულიყო. ამ მიმართულებით დინამიკა იკლებს, ეს , ალბათ, კომპანიის თანამშრომლების მუშაობის შედეგია. აქტიურად ვცდილობთ, გადავამოწმოთ. თუ სადმე დარღვევა გვეგულება, იქ ორმაგად მივდივართ, აბონენტს გაზს ვუწყვეტთ ხოლმე, თუ რამე დარღვევა აქვს. თუ ერთხელ დანადგარი ჩავუხსენით და არ გაითვალისწინა, მეორეჯერ გაზის მიწოდების შეწყვეტა ხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხარვეზი გამოვასწორებინოთ”- განაცხადა ბალავაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები