კახა კალაძე – ვაკის პარკის შადრევანზე: ყველა ცვლილება პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო, არასწორია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა

არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც „ვაკის პარკის შადრევნის თავდაპირველი პროექტი შეიცვალა და “გრინსერვის პლუსმა” მერია შეცდომაში შეიყვანა”.

დედაქალაქის მერის თქმით, დამპროექტებელი სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევდა.

“ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო. გარდა ამისა, პროექტანტი ზედამხედველობას უწევდა სამუშაოს. ამის მტკიცებულებები არსებობს, შესაბამისად, არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია კონკრეტული პროექტის მიხედვით განხორციელდა.

“რეაბილიტაცია კონკრეტული პროექტის მიხედვით განხორციელდა, რომელიც დამტკიცებული იყო და დაექსპერტებული იყო და პროექტიდან გადახვევა არ ყოფილა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით”, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები