ლევან ბეჟაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა სჯობს, კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება
“სალომე ზურაბიშვილმა სჯობს, თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუკი შესაბამისი დასკვნა იქნება, სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„ვფიქრობ, ფუჭია მოლოდინი, რომ არსებული სასამართლოს პირობებში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით შეიძლება, რამე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მთელი ეს პროცესი ხასიათდებოდა სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობით, პოლიტიკური დევნით და ზეწოლით. ამიტომ, პრეზიდენტისთვის ასეთი განცხადება უმართებულო იქნება, მან სჯობს, თავისი კონსტიტუციური შესაძლებლობები გამოიყენოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას მოუპოვებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.