ჯემალ გამახარია: ჩათვალეთ, რომ აფხაზეთში რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია, ფაქტობრივად, ჩატარდა, რეზერვის ნაწილი უკვე უკრაინაშია გაგზავნილი
„ჩათვალეთ, რომ აფხაზეთში რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, ფაქტობრივად, ჩატარდა“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარიას თქმით, მობილიზებული რეზერვის ნაწილი უკვე უკრაინაშია გაგზავნილი.
„ჩათვალეთ, რომ აფხაზეთში რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, ფაქტობრივად, ჩატარდა. იქ ე.წ. რეზერვი უკვე მობილიზებულია. უკვე რამდენი ხანია, წვრთნები მიმდინარეობს. ამ რეზერვის ნაწილი უკვე უკრაინაშია გაგზავნილი და, საჭიროების შემთხვევაში, ალბათ, დანარჩენ კონტინგენტსაც გააგზავნიან. ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან ევროკავშირის ყურადღებაც მიიპყრო. იცით, რომ ევროკავშირმა საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით 16 ნოემბერს განცხადება გააკეთა. განცხადებაში ის ფაქტიცაა აღნიშნული, რომ რუსეთმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ჩაატარა.
აფხაზეთში ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ უკრაინის განცხადებები კარგად იციან, ასევე კარგად იციან, რომ ქართული მხარე მეორე ფრონტის გახსნას არ აპირებს, მაგრამ იმისთვის, რომ მობილიზაცია ჩაეტარებინათ, აფხაზეთში მოსახლეობას დღემდე საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნით აშინებენ. წვრთნები საქართველოდან თითქოს მოსალოდნელი შეტევის მოსაგერიებლად ჩატარდა. ეს წვრთნები რეალურად რუსეთის დასახმარებლადაა, მაგრამ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული, საქართველო მეორე ფრონტის გახსნას აპირებს და ჩვენ რუსეთი აფხაზეთის მხრიდან უნდა დავიცვათო“, – განაცხადა გამახარიამ.