არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია შეტევაზე იყო გადმოსული, ყველანაირ ზეწოლას ახდენდნენ, რომ მიგვეღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, ახლა ხედავთ, რომ იგივე ადამიანები საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ
“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სწორედ რადიკალური ოპოზიციის გამო მოხვდა 12 რეკომენდაციაში. ისინი დადიოდნენ ევროპაში და პოლიტიკურად წუწუნებდნენ, წარუმატებლები საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გამო ვართო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები არათანმიმდევრულია.
„ერთი წლის წინ ზუსტად ეს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი თანამოაზრეები უკრაინაში ტაშს უკრავდნენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გადმოვიღეთ ის უკრაინული მოდელი და ახლა, როდესაც ის საქართველოს პარლამენტში განიხილება, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის ცუდი და არასაჭირო კანონი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ზუსტად ეს ოპოზიცია იყო, ვინც თავიდან ომახიანად გამოდიოდა და პირდაპირ შეტევაზე იყო გადმოსული. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, აბა, თუ შეძლებთ ამ კანონის მიღებას, გვაჩვენეთო და ყველანაირ ზეწოლას ახდენდნენ, რომ მიგვეღო დეოლიგარქიზაციის კანონი. ახლა ხედავთ, რომ იგივე ადამიანები საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ეს არის ზუსტად არათანმიმდევრულობის მაგალითი და ის, როგორც ექცევა თავის ელექტორატს ოპოზიცია. როცა აირჩიეს, პარლამენტში არ შემოვიდნენ, კანონის მიღებისკენ მოუწოდებდნენ. ახლა მხარს არ უჭერენ. ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია უნდათ, მაგრამ ევროპაში პარტნიორებს ეუბნებოდნენ, არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო. აი, ასეთი რადიკალური ოპოზიცია და ე.წ. მთავარი ოპოზიცია გვყავს, სამწუხაროდ, დღეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისტორიულად ყველაზე მეტი მანდატი აქვს ოპოზიციას, სამწუხაროდ, ასეთი მუშაობით გამოირჩევა ეს ოპოზიცია. სინამდვილეში, ჩვენ გადმოვიღეთ მაგალითი უკრაინიდან, რომლის შემუშავებაშიც თავის დროზე იყვნენ ჩართულები ევროპელი პარტნიორები და რომელზეც პირდაპირ აქვთ მათ ნათქვამი, რომ უკრაინამ მიიღო გამბედავი კანონი და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს საკითხი ევრორეკომენდაციებშიც სწორედ ოპოზიციის გამო მოხვდა, როცა ისინი წაგებულ არჩევნებს, სუსტ საპარლამენტო საქმიანობას, არაფრის მთქმელ საარჩევნო კამპანიებს, ჩაშლილ რევოლუციებს აბრალებდნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ადვილია, როდესაც შენ სუსტი და წარუმატებელი ხარ, ეს სხვას გადააბრალო. რადიკალური ოპოზიციის წევრები ევროპაში დადიოდნენ და პოლიტიკურად წუწუნებდნენ, იმიტომ ვართ წარუმატებლები საქართველოში, რომ იქ არსებობს ბიძინა ივანიშვილიო“, – განაცხადა თალაკვაძემ.