არჩილ თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია რჩება ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ ამოცანად

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველ ამოცანად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად განიხილავს.

„ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები. მაგალითად, გავიხსენებ გერმანიის კანცლერის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის აუცილებელი, საჭირო და გარდაუვალი და მან პირდაპირ ახსენა საქართველო, რაც, რა თქმა უნდა, ზუსტად ემთხვევა იმ განცხადებებს, რაც ჩვენ მანამდე გავაკეთეთ საქართველოში. ეს ემთხვეოდა ირაკლი კობახიძის ვიზიტს “ევროპელი სოციალისტების” ყრილობაზე.
ჩვენც ახლა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიყავით რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტში, მათ შორის, ყირიმის ფორუმზე, იქაც ჩვენ პარტნიორებთან, ორმხრივ შეხვედრებზე მოვისმინეთ პირდაპირ მხარდამჭერი განცხადებები, რაც ნიშნავს იმას, რომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი საქართველოს განიხილავს პარტნიორად და, რა თქმა უნდა, ევროკავშირს კარგად ესმის ის აუცილებლობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. საქართველოს აქვს ისტორიული, ევროპული გამოცდილება, კულტურაც, შეიძლება ითქვას, დემოკრატიაც და ამ ფაქტორებს უკვე ემატება ეკონომიკა და ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ეს არის საქმე რასაც აკეთებს ხელისუფლება. რადიკალურ ოპოზიციას აქვს თავის დღის წესრიგი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დრო და ენერგია არ უნდა დავხარჯოთ მათ განცხადებებზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და ვიმუშაოთ საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და საბოლოოდ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები