როგორ გაჩნდა და სად გაქრა კაიტაკი – მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტი

ადამიანები აეროპორტებს ყველაზე უადგილო ადგილზეც აშენებდნენ  – მთებს შორის, ჯუნგლებში, თუმცა ისტორიაში ყველაზე საშიშ აეროპორტად ითვლება სამგზავრო აეროპორტი კაიტაკი ჰონგ-კონგის რაიონ კოულუნში. მისი ასაფრენი ბილიკი უკანასკნელმა ლაინერმა 1998 წელს დატოვა. დღეს რომ ფოტოებს გადახედოთ, ძნელი დასაჯერებელი იქნება, რომ ასეთი ადგილი საერთოდ არსებობდა.

კაიტაკის აეროპორტის ისტორია 1912 წელს დაიწყო. მაშინ ორმა მეწარმემ, ხო კაიმ და აუ ტაკიმ დიდი მიწის ნაკვეთი იყიდეს. ის, მათი აზრით,  პერსპექტიულ რაიონში მდებარეობდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მიწათმფლობელები მიხვდნენ, რომ შეცდნენ და გადაწყვიტეს, მოეშორებინათ მიწა, რომელიც ქალაქის მაღალსართულიან უბანში იყო განლაგებული.

მათ გაუმართლათ, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას სჭირდებოდა მიწა აეროდრომისთვის. კაიმ და ტაკიმ თავიანთი ფული მიიღეს და ადგილზე მხოლოდ დასახელება დატოვეს, რომელზეც შემდეგ გაჩნდა ასაფრენი ბილიკები. აეროდრომი კოულუნში მომსახურებას კერძო პირებსა და სამხედროებს სთავაზობდა. 1924 წელს მასთან ბრიტანელი ჰარი ებოტის საზაფხულო სკოლაც გახსნეს. ყველაფერი, რაც ავიაციას უკავშირდებოდა, მაშინ ინტერესს იწვევდა. მალე კაიტაკის ახლოს გაიხსნა კიდევ რამდენიმე კერძო აეროკლუბი.

1935 წელს აეროპორტს ნამდვილი სადისპეჩერეო ბაზა გაუხსნეს. 1936 წელს აქ მხოლოდ პილოტების წვრთნები კი არა, კომერციული რეისებიც სრულდებოდა. აყვავების ჟამი კაიტაკის იაპონიის ოკუპაციის დროს ელოდა. 1941 წელს ჰონგ-კონგი იაპონელებმა დაიკავეს. ოკუპანტებმა გადაწყვიტეს, რომ აეროდრომი ნამდვილ დიდ აეროპორტად ექციათ. მალევე დაიწყო ორი დიდი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, მაგრამ ადგილის დეფიციტის გამო, მათი დაგრძელება და ბილიკების ნაწილის ზღვაში შეტანა მოუწიათ. მშენებლობის დროს ოკუპანტები ღიად იყენებდნენ სამხედრო ტყვეების და ადგილობრივების სამუშაო ძალას.

იაპონელები ჯერ კიდევ მანამდე განდევნეს ჩინეთიდან, სანამ კაიტაკი დასრულდებოდა. შემდეგ აეროპორტის მშენებლობა ადგილობრივმა მთავრობამ გააგრძელა. 1957 წელს ზოლები 1664 მეტრამდე დააგრძელეს, რათა მათ სამგზავრო ლაინერების მიღება შეძლებოდათ, 1974 წელს კი – 3390 მეტრამდე. 1960 წელს აეროპორტში სრულფასოვანმა სამგზავრო ტერმინალმა დაიწყო ფუნქციონირება. თავისი ტიტული – „მსოფლიოში ყველაზე საშიში აეროპორტი“ – კაიტაკმა 70-იან წლებში მიიღო. სანამ აეროპორტი შენდებოდა, კოულინიც ვითარდებოდა. თანდათან დანგრეული ქალაქის მიდამო გარდაიქმნა არც ისე თანამედროვე, მაგრამ ქალაქის სავსებით ნორმალურ რაიონად.

შენდებოდა საცხოვრებელი სახლები და ცათამბჯენები. ისინი აეროპორტს სამი მხრიდან ესაზღვრებოდნენ, დარჩენილი იყო აუთვისებელი მიმართულება მხოლოდ პორტის მხრიდან.

დასაფრენ ბილიკზე მოსახვედრად, პილოტებს ცათამბჯენების თავზე უწევდათ ფრენა. სარისკო სიმაღლეზე – 200 მეტრზე – ისინი ასრულებდნენ მკვეთრ მანევრს და დასაფრენ ბილიკზე პირდაპირ 40 მეტრის სიმაღლიდან გადიოდნენ. ძლიერი ქარი, რომელიც სანაპიროსთვის იყო დამახასიათებელი, ხელს არ უწყობდა პილოტების მუშაობას. პილოტები ხუმრობდნენ, რომ კაიტაკში დაჯდომამდე მაღალ სართულზე მცხოვრებთა ბინებში ფილმების ყურებას ასწრებდნენ. კიდევ ამბობდნენ, რომ თუკი პილოტს კაიტაკის რეისზე  უშვებდნენ, მაშინ მას ნამდვილ პროფესიონალად თვლიდნენ.

მიუხედავად ყველა სირთულისა, კაიტაკი არ გახდა მუდმივი ავიაკატასტროფების ადგილი. ცხადია, ავარიები იყო, მათ შორის, ადამიანური მსხვერპლიც, მაგრამ ეს იმაზე ხშირად არ ხდებოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე. ყველაზე სერიოზული ტრაგედია იყო სამხედრო-სანტრანსპორტო თვითმფრინავის, „ჰერკულესის“ ჩამოვარდნა, რომელიც აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალებს ეკუთვნოდა.

თვითმფრინავი 1965 წლის 24 აგვისტოს ჩამოვარდა, აფრენისთანავე. მაშინ ბორტზე მყოფი 71 ადამიანიდან 59 დაიღუპა.

80-იანების ბოლოს კაიტაკი ჰონგ-კონგისთვის ნამდვილი პრობლემა გახდა, უფრო სწორად, კოულუნის და მიმდებარე ადგილების მოსახლეობისთვის. დაგეგმილი 24 მილიონი ადამიანის მაგივრად, საჰაერო პორტი 29,5 მილიონს ადამიანს იღებდა და მსოფლიოში მესამე აეროპორტი გახდა მგზავრების მიმოცვლის რაოდენობის მიხედვით. მიღებული იქნა კაიტაკის დახურვის გადაწყვეტილება, მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ ამის გაკეთება მხოლოდ 1998 წელს შეძლო.

1988 წლის 6 ივლისს, 00:02 საათზე ასაფრენი ბილიკიდან – 13/31 – ჰაერში ბოლო ლაინერი აფრინდა, რომელიც Cathay Pacific-ის კომპანიას ეკუთვნოდა. ის ლონდონის აეროპორტისკენ მიემართებოდა. ამ დროს კაიტაკის აეროპორტის სამმართველოს მთავარ შენობაში ჰონგ-კონგის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა: „მშვიდობით კაიტაკი და მადლობა შენ!“ – თქვა მან და ასაფრენ ბილიკზე მთავარი შუქი გამოირთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები