აშშ-სა და ისრაელის ირანთან სამხედრო კონფლიქტი გლობალურ კომპანიებს უკვე 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის, ევროპისა და აზიის კომპანიების კორპორატიული ანგარიშგების ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კონფლიქტმა ასობით ბიზნესზე იმოქმედა, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი ვითარების გამო ენერგომატარებლების ფასების ზრდას, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებსა და რთული სავაჭრო მარშრუტების წინაშე დგანან.
„როიტერის “ ცნობით, სულ მცირე 279-მა კომპანიამ განაცხადა, რომ იძულებული გახდნენ, ფინანსური დანაკარგების შესამცირებლად ზომები მიეღოთ. ეს ზომები მოიცავდა პროდუქციის ფასების ზრდას, წარმოების მოცულობის შემცირებას, დივიდენდების გადახდისა და აქციების უკუგამოსყიდვის პროგრამების შეჩერებას. ზოგიერთმა კომპანიამ ასევე თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაუშვა, საწვავის დანამატები დააწესა ან მთავრობის მხარდაჭერა მოითხოვა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ყველაზე სერიოზული დარტყმა ავიაციის ინდუსტრიამ განიცადა. ავიაკომპანიების ზარალი თითქმის 15 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რადგან კონფლიქტის დროს ავიასაწვავის ღირებულება თითქმის გაორმაგდა.
გარდა ამისა, სამრეწველო, ქიმიური და ნედლეულის სექტორების დაახლოებით 40-მა კომპანიამ გამოაცხადა ფასების გაზრდის გეგმები ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობქიმიურ მარაგებზე დამოკიდებულების გამო.
ამავდროულად, ბიზნესის წარმომადგენლები სიტუაციის შემდგომი განვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ვადების ირგვლივ არსებულ გაურკვევლობაზე მიუთითებენ.