სააკაშვილის ვოიაჟებზე ტაილანდური მედიაც წერდა, მასაჟისტი კი მის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს

  მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბოუჯეტიდან პირადი მიზნებისათვის რამდენიმე მილიონი ლარი დახარჯა, რისთვისაც ის მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად ცნო. როგორც პროკურატურის გამოძიებიდან ირკვევა, ექსპრეზიდენტი ველოსიპედებისთვის, პიჯაკებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისთვის, მასაჟისთვის და სხვა პირადი ინტერესებისთვის დიდი ოდენობით თანხებს ქვეყნის ბიუჯეტიდან ხარჯავდა. აღნიშნულის დეტალურად განხილვამდე მოგახსენებთ, რომ 2012 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ტაილანდში, კუნძულ ფხუკეთზე, რომლის უმეტესი ნაწილი ტროპიკული ტყეებითაა დაფარული.
პრეზიდენტის მაშინდელი ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილი საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა, თუმცა ტაილანდური მედიის წერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფხუკეთზე დასვენების დღე გაატარა.10601253_920668331294517_1685686378_n ტურისტული სააგენტოების ცნობით, კუნძულზე ყველასთვის მოიძებნება დასვენებისა და გართობის შესაბამისი წყარო. განმარტოებისა და სიმშვიდის მაძიებელთათვის სანაპიროზე გაშენებულია ბუნგალოები, კომფორტის მოყვარულთათვის მრავლად არის ძვირფასი სასტუმროები, ღამის გართობებისთვის კი გელით რესტორნები, ბარები და დისკოთეკები. საუკეთესო სეზონი ფხუკეთში ვიზიტისთვის დეკემბერი–მარტის პერიოდია. რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხების გაფლანგვას, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილმა, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 403 966 ლარი, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე – 2 280 196 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ასანაზღაურებლად – 576 508 ლარი დახარჯა.
გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში ველოსიპედების დაქირავებისათვის 35 350 ლარი გადაიხადა. სააკაშვილმა დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად 49 499 ლარი გადაიხადა, ხოლო ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 994,84 ლარი დახარჯა. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია – 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;
„მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი;10615685_795776760444819_2090744444_n
ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის გუნდის წევრებს, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი;
აგრეთვე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ 2009 წლის თებერვალში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მსოფლიოში ცნობილი, ელიტური მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. დოქტორ დოტი, რომელმაც ექსპრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწია. მასაჟისტის საქართველოში შემოსვლისას და გასვლისას საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც, სავარაუდოდ, ფაქტის საზოგადოებისთვის დამალვას ემსახურებოდა. თუმცა დოქტორ დოტიმ მიხეილ სააკაშვილის მომსახურებისა და საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები თავად გაასაჯაროვა. მისთვის ქვეყნის პრეზიდენტისთვის მომსახურება პირველი იყო, ამიტომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ბლოგი მიუძღვნა. დოქტორმა დოტიმ ასევე საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო და მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტო გაავრცელა. საქართველოში ვიზიტის და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ ამის შემდეგ გახდა. „წუხელ მასაჟი დედამიწაზე ყველაზე სიმპათიურ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გავუკეთე.1407926995359264 ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარული მოსაუბრე“, – ამ სიტყვებით იწყებს წერას საკუთარ ბლოგზე დოქტორი დოროთი. ცნობილი ამერიკელი მასაჟისტი ე.წ. დოქტორ დოთი მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ივნისში გერმანიაში გაიცნო. მაშინ ექსპრეზიდენტი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკერსა და კონდოლიზა რაისს უნდა შეხვედროდა. სასტუმრო, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირველად დოქტორ დოთს შეხვდა, უცნობია. მასაჟისტი საკუთარ ბლოგში სასტუმროს სახელწოდებას არ ამხელს. „სასტუმროში დიდი ალიაქოთი დამხვდა. დაცვით იყო იქაურობა სავსე. კონდოლიზა რაისს ელოდებოდნენ. არავის უშვებდნენ. ვუთხარი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩემს მასაჟს ელოდებოდა. თავიდან არ დამიჯერეს. მერე რაციით გადაამოწმეს და გამაცილეს კიდეც. ის ძალიან მხიარული მოსაუბრეა. თავიდან სულ რაღაც 30 – წუთიანი მასაჟი უნდოდა. მაგრამ 90 წუთის შემდეგ მითხრა, რომ ეს არის საუკეთესო მასაჟი მის ცხოვრებაში. მიხეილის დაცვის წევრები ამ ხნის განმავლობაში ოთახთან იცდიდნენ. ის ინგლისურად კარგად საუბრობს. მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფი მეტალიკაა და როკის დიდი მოყვარულია. მე ადრე საუდის არაბეთის პრინცს გავუკეთე მასაჟი, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, სააკაშვილი პირველია. მე აღფრთოვანებულმა ვკითხე: ძალიან მასიური და დაჭიმული კისერი გაქვთ… „მე ხომ რუსეთი მაზის ამ კისერზე“, – მიპასუხა მან და ჩვენ ორივემ ბევრი ვიცინეთ ამაზე. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მან საკუთარ ქვეყანაში დამპატიჟა და ჩემთან ერთად სურათიც კი გადაიღო. „პენტჰაუზში“ გამოქვეყნებული ჩემი წერილი და ფოტოები ვაჩუქე“, – წერს დოქტორი დოროთი. ამერიკელი მასაჟისტი საქართველოში იმავე წელს, შემოდგომით უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, მისი საქართველოში ჩამოსვლა 2009 წლის თებერვალთვის გადაიდო. დოქტორი დოროთი შტეინი საქართველოში 2009 წლის თებერვალში გერმანიიდან ბათუმში თვითმფრინავით ჩამოფრინდა. პრეზიდენტის დაცვის თანხლებით ბათუმი და ზღვის სანაპირო დაათვალიერა. მეორე დღეს კი თვითმფრინავით ბათუმიდან თბილისში ჩამოფრინდა. ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა დოქტორი სასტუმრო „კოპალაში“ დააბინავა. „მასაჟი თბილისშიც პოლიტიკაზე საუბრით გრძელდება. ბედნიერი მეუღლე – ორი შვილის მამა მართავს ქვეყანას და, ამავე დროს, მაინც პოულობს დროს მასაჟისთვის. პრინციპში, იმ საშინელი ომის შემდეგ მას, მართლაც, სჭირდება მასაჟი მხრებზე, რომელზე ჯდომასაც კვლავ ცდილობს რუსეთი. ნაძირლები. ბატონი პრეზიდენტი ისეთი განათლებულია, ხელგაშლილი, ძალიან კარგად მეპყრობა, თავს დაცულად ვგრძნობ. ყველაფერს მისრულებს, რაც შეიძლება მოვისურვო. როგორც კი მხედავს, მაშინვე იმას მეკითხება. ხომ არ მშია და შემდეგ იწყებს უამრავი კერძის შეკვეთას“, – ასეთია დოქტორ დოთის თბილისური შთბეჭდილებები. ამერიკელმა მასაჟისტმა თბილისური ვოიაჟის შესახებ სამი დოკუმენტური ფილმი გადაიღო და ინტერნეტში ატვირთა. საქართველოს პრეზიდენტის ელიტური მასაჟისტის მომსახურებამ და დოქტორ დოტის საქართველოში მოგზაურობამ მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. სტატია გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მაც დაბეჭდა. სტატიის ავტორი წერს, რომ ამერიკელი მასაჟისტი ქალი საქართველოში პრეზიდენტის სამკურნალოდ ჩაფრინდა. მიხეილ სააკაშვილის მასაჟისტის საქართველოში ვოიაჟი გლობალურმა საინფორმაციო არხმა RT-მაც გააშუქა. აღნიშნული ვიდეო კი თავად მასაჟისტ დოქტორ დოტს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვს განთავსებული, სადაც მცირე კომენტარსაც წერს. იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს.
„რუსულმა სატელევიზიო არხმა ჩემი ნებართვის გარშე მოიპარა ჩემი ვიდეო და გააკეთა რეპორტაჟი ჩემს შესახებ. საერთო ჯამში, ჩემზე დადებითი რეპორტაჟი გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ის კარგი ადამიანია, მედია კი დასცინის მას, რადგან მათ უბრალოდ მისი შურთ. მე ძალიან მომწონს ის. ის ბრწყინვალე პერსონაა“, – წერს მასაჟისტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსთან თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად ცნო. როგორც მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯები. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დოკუმენტაციისთვის გრიფით საიდუმლოს მოხსნის საკითხზე კომენტირებისას 9 აგვისტოს განაცხადა – “ყველაფერი მოხსნან, რა უნდა ნახონ იქ ისეთი, რა შეჭამა, რა დალია? რომელი ქვეყნის კანცელარიები არ ხარჯავენ ფულს შენახვაზე, შუქზე, ჭამაზე?“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები