ნიკოლოზ მეტრეველი – ანდრიუს კუბილიუსზე: მანაც და მისმა კოლეგებმაც, დაასრულონ „პოლიტიკური თამაშები“ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძებნილი დამნაშავეების დაფინანსებით
ჩვენც გვინდა ვურჩიოთ, მანაც და მისმა კოლეგებმაც, დაასრულონ „პოლიტიკური თამაშები“ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძებნილი დამნაშავეების დაფინანსებით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელშიც ის საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური თამაშების“ დასრულებას ურჩევს.
როგორც მეტრეველი აღნიშნავს, ქართული ე.წ. ოპოზიციის ევროპელ ლობისტებს ამერიკის მსგავსად ევროკავშირშიც სერიოზული პრობლემები აქვთ.
„ანდრიუს კუბილიუსის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით: როდესაც ის საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, დაასრულოს „პოლიტიკური თამაშები“, ჩვენც გვინდა ვურჩიოთ, მანაც და მისმა კოლეგებმაც, დაასრულონ „პოლიტიკური თამაშები“ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძებნილი დამნაშავეების დაფინანსებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბინძური პოლიტიკური თამაშები, საქართველოში ქართველმა ხალხმა და ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაასრულეს.
ქართული ე.წ. ოპოზიციის ევროპელ ლობისტებს სერიოზული პრობლემები აქვთ ამერიკის მსგავსად ევროკავშირშიც. მიუხედავად იმისა, რომ კანონები ევროკავშირის ლობიზმის შესახებ, 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე, დახვეწის და შემუშავების პროცესშია, ევროკავშირის არსებული საკანონმდებლო ბაზა ლობიზმის შესახებ მაინც იძლევა შესაძლებლობას ამ სფეროში განსაკუთრებულ დარღვევებზე რეაგირებისთვის. როგორც ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურებიდან საქართველოს მეგობარი კოლეგები გვატყობინებენ, ევროპარლამენტში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტარები საგნობრივად დაინტერესდნენ ამ ე.წ. საქართველოს მეგობრების საქმიანობით. უფრო კონკრეტულად: რა წარმომავლობის, ვისი ფინანსებით, რა ოდენობით და რატომ ხდება საქართველოში ამ ყველასთვის ცნობილი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების მიკერძოებული და აშკარად ტენდენციური აქტივობები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს სერიოზული გაგრძელება ექნება.
ის თუ, როგორ დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა ძველი ოპოზიციის ამერიკელმა ლობისტმა, ადამ კინზინგერმა, ბ-ნი კუბილიუსისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის დასკვნის საფუძველი უნდა იყოს“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.