თეატრის მენეჯმენტი ეკატერინე მაზმიშვილისგან

      თეატრის მენეჯერი – ეს სინამდვილეში ეკატერინე მაზმიშვილის სტატუსის პირობითი სახელია. სინამდვილეში მისი საქმიანობა თეატრის იმიჯი, მსახიობების და მაყურებლის კავშირი და ის კეთილგანწყობაა, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის ყველა სტუმარი გრძნობს.
თეატრისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე და თეატრალური სამყაროსადმი სიყვარულზე მარჯანიშვილის თეატრისა და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი გვიყვება.
– გახსოვს შეგრძნება, რაც თეატრში პირველად შესულს დაგეუფლა?
– თეატრში პირველად დედამ 3 წლის ასაკში წამიყვანა. რაც ყველაზე მძაფრად მახსოვს, თეატრში საგანგებოდ მომზადებული პუბლიკა, ძალიან სადღესასწაულოდ, ლამაზად და გემოვნებით ჩაცმული ადამიანები დამხვდნენ. მეტი არაფერი მახსოვს. მარტო ხალხს ვათვალიერებდი და მართალი გითხრათ, არც სპექტაკლი მახსოვს…  მთავარი იყო მათი დამოკიდებულება. ამ ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ისევ ისეთი დამოკიდებულება დაბრუნდა თეატრის მიმართ, როგორიც ადრე იყო. თან ბავშვობაში უფრო გამძაფრებულია გრძნობები, თეატრიც უფრო დიდი გეჩვენება და ემოციებიც უფრო მკვეთრია.
-ამ შთაბეჭდილებებმა ხომარ განაპირობება მომავალში პროფესიის არჩევა?10592463_884037938291167_860387978_n
– ყველაფერი ხდებოდა შემთხვევით. იშვიათად ვსვამ კითხვას: „რატომ“. მთავარი შედეგია. თეატრის სფეროში თეატრალური სარდაფიდან შევაბიჯე. იმდენად საინტერესო იყო ის ახალი გამოწვევა, ახალი პირობები, ახალი გარემო… ყველაფერი იმ მომენტიდან დაიწყო…  ეს ასე ხდება – როდესაც განსაკუთრებით გიყვარს რაღაც. შეიძლება მოხვდე ისეთ გარემოში, რასაც მანამდე ვერც იფიქრებდი. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ზუსტად ჩემი ადგილი იყო.
– თუმცა შენი პროფესიაც ახლოსაა საქმიანობასთან…
– ხელოვნებათმცოდნეობა, რომელიც ჩემი პროფესიაა, ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორად ავირჩიე და მიხარია, რომ ამდენი რამ ვიცი ხელოვნების შესახებ. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ, გამოფენებზეც ხშირად დავდივარ. ქანდაკებაც, რომელიც ჩემი მიმართულებაა, ძალიან საინტერესოა. მაგრამ როდესაც პროფესიას ვირჩევდი, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ თეატრში ვიმუშავებდი.
– რა მოგცა პრაღის პერიოდმა?
– ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ხელოვნების და არქიტეტურის ისტორიას ვსწავლობდი. ამ მიმართულებით არ მიმუშავია, მაგრამ პრაღამ ძალიან ბევრი რამ მასწვლა. საქართველოსგან განსხვავებით, იქ აქცენტი თანამედროვე ხელოვნებაზე იყო, სწავლების განსხვავებული მეთოდი ჰქონდათ, განსხვავებული საგნები იყო. ძალიან დიდი კურსი იყო და ჩემი კურსელები დღეს ხელოვნებაში ძალიან ცნობილი სახეები არიან. ლექციებსაც უდიდესი ვარსკვლავები გვიტარებდნენ. ეს იყო ძალიან დიდი ერთი წელი. დამოუკიდებლად ცხოვრების სკოლა. მერე ხვდები, როგორ გაანაწილო დრო, ფული, ურთიერთობები დაალაგო.
– თეატრის მენეჯმენტი… რაში სჭირდება თეატრს მენეჯმენტი?10601231_884037948291166_70114766_n
– ჩემი ღრმა რწმენით, თეატრის მთავარი ფიგურა სამხატვრი ხელმძღვანელია, რომელიც განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით მხარეს. მთავარია, იგი რას გადაწყვეტს, როგორი იქნება სარეპერტუარო პოლიტიკა, დასი… ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი საკითხი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თეატრმა შექმნას პროდუქცია, ჩვენ ვუქმნით ამ თეატრს პირობებს. მენეჯერები საჭიროა თეატრის განვითარებისთვის, საერთაშორისო იმიჯის შექმნისთვის. ხანდახან გვაქვს ერთობლივი შემოქმედებითი იდეები. ეს უნდა იყოს კავშირი სამხატვრო ხელმძღვანელსა და მენეჯერს შორის. თეატრის მენეჯმენტი ეს შემოქმედებითი პროფესია.
– ამის შედეგს საქმიანობის რომელ ეტაპზე ხედავ?
– ოვაცია დარბაზში ჩემთვის გადამწყვეტია. აბსოლუტურად სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს თეატრის მხრივაც… ძალიან მიხარია, რომ ამ თეატრს ჰყავს ასეთი გუნდი. არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს, უნიკალური მსახიობები და რეჟისორები. ყველა ერთმანეთის მოკავშირეა. ძალიან დატვირთულები ვართ და ამდენი სპექტაკლი, ამ რაოდენობის მაყურებელიც ამის დადასტურებაა…  ეს არის ის, რაც ჩვენ შევძელით. და ალბათ ამიტომაც, ამ თეატრში უკვე 15 წელია ვმუშაობ. ურთიერთობა შედგა და ძალიან მიხარია.
– მთავარი ურთიერთობებია?
– მთავარია, რომ სპექტაკლი გამოვიდეს. ყველაფერი არის მთავარი. მთავარია, სანამ მაყურებელი შემოვა თეატრში და გავა, მან თავი იგრძნოს კარგად. ჩვენი მისიაა ეს დრო თავგადასავლებით დატვირთული იყოს.
– როგორ პასუხობს მაყურებელი თქვენს ამ დამოკიდებულებას?10596191_884037944957833_2052925851_n
– მაყურებელი? მაყურებელი ყოველთვის გვაძლევს იმის სტიმულს, რომ ყოველ წელს რაღაც ახალი შევქმნათ, ახალი პროექტები დავგეგმოთ, ახალი თეატრალური სეზონისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ…
– როდესაც თავად ხარ მაყურებელი…
– სპექტაკლის დროს ყველაზე მეტად მიყვარს გასასვლელ კართან დგომა, უკიდურესი წერტილიდან ყურება. ამ დროს ყველაზე კარგად შევიგრძნობ დადგმას. ასევე ძალიან მიყვარს სპექტაკლის დაწყებამდე მომენტი, როდესაც ხალხი იკრიბება და ერთმანეთში საუბრობს.
– რისკიანი ხარ?
– მინდა ადამიანებს შეცდომის დაშვების არ შეეშინდეთ. შიშებს ვებრძვი ჩემში და სხვა ადამიანებშიც… ეს არის ის, რაც დიდ ნაკლად მიმაჩნია. როდესაც ხარ მოტივირებული, ჯობს მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა ნაბიჯი, თუნდაც გარისკო, ვიდრე ელოდო შესაბამის დროს, მომენტს… ჩემი აზრით, საზოგადოებაში ძალიან მძაფრად დგას ეს საკითხი და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კრიტიკის გვეშინია..
– რაც შეეხება პრობლემებს…
– ეს არის ტექნიკური საკითხები… მოძველებული ტექნიკა და პროფესიები, რომლებიც ისევ და ისევ ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ვითარდება. თუნდაც განათების სპეციალისტები, ვიდეოარტი და ა.შ. ამ მხრივ ვერ ვეწევთ ევროპის დონეს.
– რა ხდება მაშინ, როდესაც „არ ხდება თეატრი“?
– ყველაფერს ვასწრებ: მოგზაურობა, პირადი ცხოვრება, სხვა ინტერესები.. მიყვარს ფოტოების გადაღება, მეგობრებთან ურთიერთობა რაც მამდიდრებს და მჭირდება. ახლა ახალი გატაცება მაქვს – ყვავილებს ვუვლი. მიყვარს ომების, მზვერავების ისტორიები. ახლა ვკითხულობ ჭადრაკის დაფას და ძალიან ჩართული ვარ. ომის სტრატეგიები ჩემს პროფესიასთან, მენეჯმენტთან ახლოს არის და ამ კუთხიდან ძალიან საინტერესოა.
– თავად როგორი მმართველი ხარ?10608896_884037958291165_1376886444_n
-ზოგადად, ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ, მაგალითად, „ხუთი ბეჭდის წიგნმა“ მასწავლა მოთმინება და ის, როგორ არ უნდა აფეთქდე… ესეც ომის ხელოვნებაა.
– საერთო ჯამში, რომელ ჟანრშია ეკა მაზმიშვილის ცხოვრება?
– ეს უფრო არის მოგზაურის ცხოვრება… მადლობა ღმერთ,ს ტრაგიზმისგან და ტრაგიკომედიისგან შორს ვარ. ალბათ, ჩემი ცხოვრება უფრო… მულტიდისციპლინარულია (იცინის).
– სირთულეებისგან გამოსავლის ძებნაში?
– ხშირად ვხვდები პირობებში, როდესაც ისე არ არის ყველაფერი, როგორც მინდა რომ იყოს… მაგრამ ამ დროს ყოველთვის ვცდილობ პოზიტივისკენ შევტრიალდე… ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ როგორც წყლიდან ამოსვლას ცდილობ, ყველანაირად ცდილობ ამოისუნთქო, ასე ხდება… ადამიანი ყოველთვის მიილტვის სინათლისკენ. სირთულეები მქონია, ალბათ, წინაც მელოდება, მაგრამ ცხოვრება ამისგან შედგება და იმედი მაქვს, რომ ტრაგიკულობას არაფრისგან არ შევქმნი. ვნახოთ, რა იქნება ხვალ…
– რა გინდა რომ იყოს?
– მინდა სახლი სადმე მთაში ან ზღვაზე, ტყეში, ხეებში… ეს ოცნებაშია… მომწონს, რომ სადღაც აზრებშია. ბუნება მიყვარს უზომოდ. ახლა ქალაქში თრითინები გაჩნდნენ და ისე მსიამოვნებს, უდიდესი სიამოვნებაა. სულ სხვა სამყაროში გადაყავხარ…

ნანუკა ალავიძე

10596186_884037961624498_1209334012_n

10596143_884037954957832_693325681_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები