თეა წულუკიანი: ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიურ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ
“ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საქმეზე საუბრისას განაცხადა, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მისივე თქმით, სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შეეგუოს.
„ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ. პროცესი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა“, – განაცხადა წულუკიანმა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსის დაიკითხა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადების გავრცელებას. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს.