“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ინიცირებისთვის “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი წარედგინება. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
“დეოლიგარქიზაციის” შესახებ კანონის პროექტის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია და კანონპროექტი შემუშავებულია უკრაინის იგივე შინაარსის მქონე კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები