კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „რიჰოსა“ და მესტიის სალოტბარო სკოლას ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოსა“ და მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია, მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, ანსამბლ „რიჰოსა” და მესტიის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები, ანსამბლის წევრები ესწრებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.

“კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.
დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი. 2021 წლის დეკემბერში გამოიყო 197 999 ლარი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ანსამბლებს ეტაპობრივად გადასცემს მათთვის შეკერილ სასცენო სამოსს. მეორე ტენდერი სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა. გამოიყო 141 000 ლარი, რომლითაც დაიგეგმა სამოსის გადაცემა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლისთვის. აღნიშნული ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.

1928 წელს ივანე მარგიანმა და ალექსი ფილფანმა ზემო სვანეთში შექმნეს „მესტიის სიმღერისა და ცეუკვის ანსამბლი“, რომელიც დღეს „რიჰოს“ სახელით არის ცნობილი. „რიჰო“ ერთ-ერთი უძველესი სიმღერის სახელია და ნიშნავს განთიადს. ეს სახელი ანსამბლს 1980 წელს უწოდა მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ისლამ ფილფანმა.
დღეს ანსამბლში მესტიის რაიონის სამი თაობის მომღერლები და მოცეკვავეები არიან. მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ვახტანგ ფილფანი, ქორეოგრაფი – კანდიდ მერლანი.

ანსამბლ „რიჰოს“ რეპერტუარი, ძირითადად, სვანური სიმღერებისგან შედგება, რომელთაც ზეპირი გადმოცემით სწავლობენ. ისინი შესრულების ტრადიციული მანერით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა „რიჰომ“ არაერთი კონცერტი გამართა საზღვარგარეთაც. ამავდროულად, ის არის რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, გამოცემული აქვს ორი ფირფიტა და კომპაქტ-დისკი საფრანგეთში.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლი 2016 წელს შეიქმნა. ანსამბლში იქაური ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერასა და საკრავებზე დაკვრას. ამჟამად ანსამბლში 30 მოსწავლეა. ლოტბარია ვახტანგ ფილფანი, რეგენტი – გოდერძი აფციაური.
დაარსების დღიდან მესტიის სალოტბარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და კონცერტში.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ ,,რიჰოს“ გადაეცა მომღერლის 36 და მოცეკვავის 10 კომპლექტი (ჩოხა-ახალუხი), მომღერალი ქალის სამი და მოცეკვავის 11 სვანური კაბა, მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლს კი – 15 კომპლექტი (ჩოხა-ახალუხი) და 15 სვანური კაბა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები