ეკონომისტი სოსო არჩვაძე – „უახლოეს თვეებში ინფლაციის ტემპის საგრძნობი შემცირება გვექნება“

ვფიქრობ, უახლოეს თვეებში ინფლაციის ტემპის საგრძნობი შემცირება გვექნება, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არჩვაძემ ინფლაციური პროცესები შეაფასა. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტები, სურსათის გარკვეული სახეობები იაფდება, ასევე, თანდათანობით მცირდება საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების ფასი, ეს ყველაფერი კი საქართველოს შიდა ბაზარზეც, ფასების დონეზეც აისახება.

„პოზიტიური მომენტი, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურ ნოტაზე განგვაწყობს: მსოფლიო ბაზარზე ნავთოპროდუქტების გაიაფების პროცესია დაწყებული. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაში, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაგვეხმარება. სურსათის გაიაფების ტენდენციაც გამოჩნდა, განსაკუთრებით მარცვლეულზე. ჩვენ მარცვლეულის, ფქვილის იმპორტიორები ვართ. ჯამურად, თითქმის 150 მილიონი დოლარის პროდუქციის იმპორტი გვჭირდება. ჩვენი ადგილობრივი წარმოება მთლიანი მოხმარების მხოლოდ 15 %-ია. ანუ ის ფასები, რაც მსოფლიო ბაზარზე ყალიბდება, ჩვენთვის ძალზე მგრძნობიარეა და საცალო ქსელში მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
მესამე პოზიტიური მომენტი, რაც ჩვენს შიდა ბაზარზე დადებით გავლენას ახდენს: მსოფლიო ბაზარზე, საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების ფასი თანდათანობით მცირდება. რადგანაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, იმპორტირებული პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირება შედარებით გაიაფდება.
ფასების დონეზე გავლენას გარკვეულწილად ისეთი ფაქტორიც ახდენს, როგორიც ქვეყანაში დამატებითი ადამიანების შემოსვლაა, იგივე რუსეთიდან. ეს ინფლაციის სასურველი ტემპით შემცირებას უშლის ხელს. რა თქმა უნდა, იზრდება მოთხოვნა ბინაზე, საცხოვრისზე, ჩამოსულებს სჭირდებათ კვების პროდუქტები, მომსახურების მთელი რიგი სახეობები. ეს ბაზარზე დამატებით მოთხოვნას აჩენს, ამას მიწოდება მოჰყვება, მაგრამ ხშირად ეს დროში მეტ-ნაკლებად აცდენილია. ესეც მოქმედებს იმაზე, რომ ფასების საერთო დონემ მნიშვნელოვნად არ მოიკლოს. მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც დავასახელე: ენერგომატარებლების გაიაფება, სურსათის მთელი რიგი სახეობების გაიაფება და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება გაცილებით წონადი ფაქტორია, ვიდრე იძულებით ადგილნაცვალი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დროებით ყოფნა. ვფიქრობ, მომავალში, უახლოეს თვეებში ინფლაციის ტემპის საგრძნობი შემცირება გვექნება“, – განაცხადა არჩვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი)“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები