ეკონომისტი სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დამაჯერებელ ზრდას აჩვენებს

„რომელი პარამეტრიც უნდა ავიღოთ, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დამაჯერებელ ზრდას აჩვენებს,“ – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩვაძემ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები შეაფასა.

„საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდში საკმაოდ დამაიმედებელი ზრდის ტემპებს ამჟღვანებს. შემიძლია, გითხრათ, რომ მიმდინარე წლის 8 თვიდან 6 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, მთელი რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. ეს ერთი შეხედვით საყოველთაო მოწონებას, მხარდაჭერას უნდა იწვევდეს, თუმცა, თუ თვალ-ყურს მივადევნებთ ზოგიერთ მედიასაშუალებას ან პოლიტიკოსის განცხადებას, დავინახავთ, რომ ასეთი ზრდის მიმართ მათ ნეგატიური დამოკიდებულებაც გააჩნიათ. ისინი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ეჭვქვეშ აყენებენ. თუ მათ ტენდენციურ შეფასებას გავითვალისწინებთ, საკმაოდ სუბიექტურ დამოკიდებულებას ამჟღვანებენ. ის მონაცემები, რომელიც მათთვის მისაღები, ხელსაყრელია, მათ მიერ ეჭვგარეშეა მიღებული, ხოლო იმ მონაცემებზე, რომელიც მათ ინტერესებს არ ამართლებს, სკეფსისს გამოხატავენ და მიიჩნევენ, რომ არასწორი მონაცემებია. მაგალითად, ინფლაციის ტემპის გაანგარიშების დროს მათ შეკითხვები არ უჩნდებათ და ამბობენ, რომ ორნიშნა ინფლაციას აქვს ადგილი. მაგრამ, იმავე უწყების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დათვლილ მაჩვენებელზე, რომელიც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს, დიდ კითხვის ნიშნებს სვამენ. ეს პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა და ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.

რეალური მდგომარეობა საკმაოდ პოზიტიური, დამაიმედებელია. საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მაღალი მზაობა, მდგრადობა აქვს იმისათვის, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდეს, თუ ამაში გლობალური პროცესები რაიმე სერიოზულ კორექტივას არ შეიტანს. მხედველობაში მაქვს ის დაძაბული ვითარება, რომელიც უკრაინის გარშემოა შექმნილი. ერთ მაგალითს მოვიშველიებ: ოპონენტები ცდილობენ, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ამერიკულ დოლარებში აჩვენონ, 2021 ან 2022 წლის მაჩვენებლები წინა პერიოდისას შეადარონ. სპეციალურად დავინტერესდი სავალუტო ფონდის მონაცემებით. ესაა ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტი, რომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით ბევრი ქვეყანა თავის ეკონომიკურ პოლიტიკას აგებს. რასთან გვაქვს საქმე: თუ 2022 წლის მოსალოდნელ შედეგებს 2012 წელთან ოფიციალური კურსით შევადარებთ, ხაზს ვუსვამ ამერიკულ დოლარებში, ზრდა 48, 4 % გვექნება. თითქმის 1, 5 -ჯერ ზრდა ამერიკულ დოლარებში. ზოგიერთი ეკონომისტი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ ლარის კურსი დაეცა და დოლარებში ნაკლები ეროვნული პროდუქტი გვაქვსო. ასე ნამდვილად არაა. დოლარის განზომილებაში თითქმის 8 მილიარდი დოლარით მეტი ეროვნული პროდუქტია, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.

შემიძლია, ბოლო მონაცემები საქართველოს მეზობლებს შევადარო: მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენს მეზობლებს ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი აქვთ. პირველ ყოვლისა, ენერგეტიკული რესურსები, ნავთობი, გაზი და ა.შ. ამ ქვეყნებში, რომლებიც ბუნებრივი რესურსებით არიან მდიდრები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. აზერბაიჯანში წლევანდელი ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 3,3 %-ის დონეზე, რუსეთში ექსპერტები ვერ შეთანხმებულან, ზოგი თვლის, რომ შემცირდება 7%-ით, ზოგი 12 %-ით, ზოგი მეტსაც ასახელებს. ანუ ზრდის ნაცვლად შემცირებას ექნება ადგილი. გაცილებით მოკრძალებულია ეკონომიკური ზრდა სომხეთში, ასევე, დაბალი მაჩვენებელია თურქეთის ეკონომიკაშიც. ასეთ პირობებში, საერთაშორისო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5,5 %-დან 8, 8 %-მდე გაზარდეს. ესაა კონსერვატორული, დაბალი მაჩვენებელი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ ის ტრენდი შენარჩუნებული იქნება, რაც საქართველოს ეკონომიკას ბოლო 8 თვის მანძილზე ჰქონდა, ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება.

რომელი პარამეტრიც არ უნდა ავიღოთ, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დამაჯერებელ ზრდას აჩვენებს. რამდენად აისახება ეს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე? თვლიან, რომ ეს ისეთი ზრდაა, რომელსაც ინკლუზიური დატვირთვა არ აქვს. ეს სწორი არ არის. მოსახლეობის მდგომარეობა არსებითად უმჯობესდება, ისე არა, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა, მთლიანობაში თუ შევხედავთ, მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება და ის იზრდება არა მარტო იმით, რომ საქართველოს ფარგლებს გარედან ქვეყანაში ფულადი გზავნილების შემოსვლა ხდება. ოპონენტები ზოგიერთი პოლიტიკოსი მოსახლეობის კეთილდღეობის მასშტაბების ზრდას მხოლოდ უცხოეთიდან ფულად გზავნილებს უკავშირებს. მე ასე არ ვთვლი. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 1 წლის მანძილზე საშუალო ხელფასი დაახლოებით 200 ლარით გაიზარდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 36 000-ით მოიმატა. ქვეყანაში საშუალო ანაზღაურებაც იზრდება და დასაქმებულთა რაოდენობაც“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს თვეებში ინფლაციის ტემპის საგრძნობი შემცირებაა მოსალოდნელი.

„პოზიტიური მომენტი, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურ ნოტაზე განგვაწყობს: მსოფლიო ბაზარზე ნავთოპროდუქტების გაიაფების პროცესია დაწყებული. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაში, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაგვეხმარება. სურსათის გაიაფების ტენდენციაც გამოჩნდა, განსაკუთრებით, მარცვლეულზე. ჩვენ მარცვლეულის, ფქვილის იმპორტიორები ვართ. ჯამურად, თითქმის 150 მილიონი დოლარის პროდუქციის იმპორტი გვჭირდება. ჩვენი ადგილობრივი წარმოება მთლიანი მოხმარების მხოლოდ 15 %-ია. ანუ ის ფასები, რაც მსოფლიო ბაზარზე ყალიბდება, ჩვენთვის ძალზე მგრძნობიარეა და საცალო ქსელში მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
მესამე პოზიტიური მომენტი, რაც ჩვენს შიდა ბაზარზე დადებით გავლენას ახდენს: მსოფლიო ბაზარზე, საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულების ფასი თანდათანობით მცირდება. რადგანაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, იმპორტირებული პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირება შედარებით გაიაფდება.

ფასების დონეზე გავლენას გარკვეულწილად ისეთი ფაქტორიც ახდენს, როგორიც ქვეყანაში დამატებითი ადამიანების შემოსვლაა, იგივე რუსეთიდან. ეს ინფლაციის სასურველი ტემპით შემცირებას უშლის ხელს. რა თქმა უნდა, იზრდება მოთხოვნა ბინაზე, საცხოვრისზე, ჩამოსულებს სჭირდებათ კვების პროდუქტები, მომსახურების მთელი რიგი სახეობები. ეს ბაზარზე დამატებით მოთხოვნას აჩენს, ამას მიწოდება მოჰყვება, მაგრამ ხშირად ეს დროში მეტ-ნაკლებად აცდენილია. ესეც მოქმედებს იმაზე, რომ ფასების საერთო დონემ მნიშვნელოვნად არ მოიკლოს. მაგრამ, ის ფაქტორები, რომელიც დავასახელე: ენერგომატარებლების გაიაფება, სურსათის მთელი რიგი სახეობების გაიაფება და სატრანსპროტო ხარჯების შემცირება გაცილებით წონადი ფაქტორია, ვიდრე იძულებით ადგილნაცვალი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დროებით ყოფნა. ვფიქრობ, მომავალში, უახლოეს თვეებში ინფლაციის ტემპის საგრძნობი შემცირება გვექნება“, – განაცხადა არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები