დავით სონღულაშვილი: ქვეყნის ეკონომიკის ორციფრიანი ზრდა – არის და უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ინდიკატორი

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სამინისტროს სხვადასხვა სამსახურთან ერთად კომიტეტმა არაერთი საკომიტეტო მოკვლევა ჩაატარა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს გუნდი თქვენი ხელმძღვანელობით ითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ეკონომიკური კომიტეტის წევრებს და მოწვეულ მაღალი დონის ექსპერტებს დაფიქსირებული აქვთ როგორც კვლევებში, ასევე კომიტეტის სხდომების ფარგლებში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შესაბამისი შედეგები მოიტანა.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ეკონომიკის სამინისტროს თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ მოქმედებებზე. ის ციფრები და რიცხვები ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, არაერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას აქვს დასახელებული და პროგნოზირებული. ორციფრიანი ზრდა – ეს არის და უნდა იყოს თქვენი საქმიანობის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ინდიკატორი. ასეთი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს სწორედ თქვენს გამოსვლაში დაფიქსირებული უმუშევრობის შემცირებას და დასაქმების ზრდის ტემპს – ეს უნდა იყოს შენარჩუნებული მომავალშიც. აღსანიშნავია, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსეთი საომარ მოქმედებებს ეწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არასტაბილური ვითარებაა, ეკონომიკური ზრდა მართლაც ოპტიმალურია და ეს აღნიშვნას იმსახურებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, მეტი აქტივობა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანას განვითარების მეტი შესაძლებლობები მიეცეს. ამ კუთხით კომიტეტის თავმჯდომარემ, ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისკენ მიმართულ პროექტებზე და ევროკავშირის ქვეყნებთან საბორნე გზის აღდგენის პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთი ტიპის პროექტებით შესაძლებლობა იქმნება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო სწრაფი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მიეცეს.

კომიტეტის თავმჯდომარე ტურიზმის საკითხებსაც შეეხო და სექტორის სწრაფი აღდგენის დინამიკას მიესალმა.

„შემოსავლების ნაწილში ფაქტობრივად დავუახლოვდით 2019 წლის მაჩვენებლებს. სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მაღალ მხარჯველიანი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის მაჩვენებელი გაზრდილია. კომიტეტის ერთადერთი რეკომენდაცია იქნება, რომ იმისთვის რომ მზად გვქონდეს ინფრასტრუქტურა, გავაძლიეროთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა და რეგიონებთან მიმართებაში ამ სექტორს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა ეკონომიკის მინისტრს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით შესაძლებლობების სრულად ათვისების წინადადებით მიმართა.

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ნაწილში, მინდა გთხოვოთ, რომ ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც სრულად არ გვაქვს ათვისებული. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო შვიდიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს 2.3 მილიარდიანი ბაზარი დაფაროს. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უფრო მეტად არის გამოსაყენებელი და ეს შესაძლებლობა დღეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს აძლევს ინვესტორებს, რომ მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებებს მეტი ყურადღება მიექცეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, სტაბილური გარემო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში მეტი ინვესტორისა და ინვესტიციის შემოსვლის მეტი გარანტი იქნება. კომიტეტი კი მზად არის სამინისტროსთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გააგრძელოს მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები