კონსტანტინე გვარჯალაძე – სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყველაზე პროევროპულ წევრი, რომელიც თავისუფლად ფლობდა 3 უცხო ენას

ქართველ სოციალ–დემოკრატთა გამორჩეული წარმომადგენელი კონსტანტინე (კოწია) იაგორის ძე გვარჯალაძე დაიბადა 1883 წლის 17 მარტს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში.

1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

1905 წელს ბათუმში მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში – ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ორგანიზაციებს.

უმაღლესი განათლება მიიღო შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა მედიცინასა და ფილოსოფიას. სწავლა დაასრულა ექიმის სპეციალობით.

შვეიცარიაში სწავლამ შესამჩნევი დაღი დაასვა კოწია გვარჯალაძის სოციალ–დემოკრატიულ შეხედულებებს. რუსული მენშევიზმისგან განსხვავებით, მისი მსოფლმხედველობა ეფუძნებოდა ევროპულ ჰუმანისტურ სოციალიზმს, რომლის ამოცანასა და დანიშნულებას პიროვნებისა და ერის თავისუფლებაში ხედავდა.

სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში იგი ყველაზე პროევროპულ წევრად ითვლებოდა, ახლოს იყო ფედერალისტებთან.

1908 წლიდან თანამშრომლობდა პრესასთან, აქვეყნებდა ნაშრომებს პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ საკითხებზე. იყენებდა ფსევდონიმს „კ. გ-ძე“.

1917-1918 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტფილისის ორგანიზაციას, იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1918 წელს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი (მოადგილე). მთავრობის დავალებით მონაწილეობდა მოლაპარაკებებში „მეომარ და ნეიტრალურ“ სახელმწიფოებთან საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

1921 წლიდან ემიგრაციაშია – სტამბოლი, ლონდონი, პარიზი.

1921–24 წლებში იყო სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი. მონაწილეობდა დიპლომატიურ აქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზების მიზნით.

1920-1928 წლებში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დელეგატი სოციალისტური ინტერნაციონალის ჟენევის და ბრიუსელის კონგრესებზე.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ის, ასევე, მონაწილეობდა ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში.

1925 წლიდან 1929 წლამდე ცხოვრობდა ლონდონში, შემდეგ – პარიზში.

1929 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენელი სოციალისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელ კომიტეტში.

თანამედროვეთა გადმოცემით, კონსტანტინე გვარჯალაძე იყო ნამდვილი ევროპელი. გარდა ქართული და რუსული ენებისა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა მაღალავტორიტეტულ შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის გაეცნო საქართველოს წარსული და აწმყო, მოეწოდებინა მხარი დაეჭირათ ქართველი ერის სამართლიანი მოთხოვნებისთვის.

ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა და ხშირად ხელმძღვანელობდა სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს ყოველთვიურ პერიოდულ გამოცემას, კერძოდ, 1935–1940 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ორგანოს „ბრძოლის ხმის“ მთავარი რედაქტორი. გაზეთის ფურცლებზე  გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი წერილებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორი დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალს ის სამშობლოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს, აშუქებდა მათ, პასუხს აძლევდა და ამხელდა იმ ფალსიფიკატორებს, ვინც აყალბებდა დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მომხდარ მოვლენებსა და ფაქტებს.

კონსტანტინე გვარჯალაძისა და მისი მეუღლის, ბაბულია კანდელაკის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მათ მართლაც ვერ წარმოედგინათ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე და როცა 1968 წლის, 11 დეკემბერს ბატონმა კონსტანტინემ ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა, მან უარი თქვა სასმელ–საჭმელზე, ოთახში ჩაიკეტა და დაუძლურებული მიიცვალა 1969 წლის 3 იანვარს, პარიზთან ახლოს, სოფელ აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში. ლევილის მამულში სათანადო პატივის მიგების შემდეგ დაკრძალეს მეუღლის გვერდით, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები