„აქციის დროს გარკვეული პოლიტიკოსები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოქმედებდნენ საერთო მიზნით და ჰქონდათ საერთო მოწოდებები” – პროკურორი
„აქციის დროს გარკვეული პოლიტიკოსები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოქმედებდნენ საერთო მიზნით და ჰქონდათ საერთო მოწოდებები. თქვენ გახსოვთ პოლიტიკოსების პირდაპირი მოწოდებები აქციიდან ხელისუფლების დამხობისკენ, მაგალითად წინააღმდეგობის გაწევისკენ, მუდმივ წინააღმდეგობაზე პოლიციასთან, რასაც მათი დაღლა უნდა გამოეწვია და სისტემის ჩამოშლა”, – ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ, პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, საუბრობდნენ სასტიკ ბრძოლაზე, წინააღმდეგობის ადგილების გახსნაზე და საჯარო სექტორის გაფიცვაზე.
“ამ გაფიცვას უნდა გამოეწვია უშუქობა, ტრანსპორტის კოლაფსი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გამოიწვევდა სახელმწიფოს დასუსტებას და სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების მოშლას.
ცალკე თუ ავიღებთ, დანაშაული არც საწვავის შესყიდვაა და არც პიროტექნიკის, მაგრამ გააჩნია მიზანს, რისთვის იყენებდნენ. თქვენ გახსოვთ აქციის დროს გადაღებული კადრები, რომ სწორედ წინააღმდეგობის დროს აქციის მონაწილეები იყენებდნენ აირწინაღებს, დამცავ სათვალეს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქმნიდნენ ბარიკადებს, რაც სხვათა შორის კანონით აკრძალულია და ყოველი დაშლის მოწოდების შემდგომ სწორედ ამ აირწინაღებით ბრუნდებოდნენ, იცავდნენ თავს და უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხოლოდ დამკვირვებლები არ იყვნენ, იყვნენ აქციის მონაწილეები და ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები. ერთ-ერთი მათი მოთხოვნა სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ პოლიტიკოსებთან ერთად და იდენტური მოთხოვნები ჰქონდათ. ჩვენ ვეკითხებით რა არის ან სამართლებრივი, ან მტკიცებულებითი საფუძველი, რაზედაც ბუნებრივია, პასუხს ვერ გვცემენ და სწორედ ეს აჩენს კითხვის ნიშნებს გამოძიების მხრიდან“, – აღნიშნა პროკურორმა.