“ეს არის ჩვენი სახედაკარგული ოპოზიცია, რომელიც მიმართავს დესტრუქციას; ეს იმ ოპოზიციის დიდი ნაწილია, რომელსაც ეშინია არჩევნებში მონაწილეობის და ქართველი ხალხის” – ირაკლი ჭეიშვილი
“ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი სახედაკარგული ოპოზიცია, რომელიც მიმართავს დესტრუქციას. ეს იმ ოპოზიციის დიდი ნაწილია, რომელსაც ეშინია არჩევნებში მონაწილეობის, ეშინიათ ქართველი ხალხის. ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ქართველი ხალხის არაერთხელ გასცემს საკადრის პასუხს, რაც მოხდა გასულ წელს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად მიმართოს დესტრუქციას, არეულობას და მაქსიმალურად ეცადოს, რომ წამოაგოს მმართველი გუნდის წევრები და მომხრეები.
„კონკრეტულად, ბრიტანეთის სახელმწიფოს ორგანიზებით, ლატვიაში უტარდებათ ზუსტად ამ აქტივისტებს ტრენინგები თუ როგორ უნდა იყვნენ აგრესიულები, როგორ უნდა მართონ პროცესები აქციებზე და როგორ უნდა მოაწყონ პროვოკაციები. რთულია, როცა ადამიანი მოდის შენს სამუშაო ოთახში, შენს სამუშაო ოფისთან, შენს სამუშაო შტაბთან, ქუჩაში და გაყენებს შეურაცხყოფას, დედას გაგინებს, მოგიხსენიებს როგორც მოღალატეს, „რუსს“. რუსები თვითონ არიან. მაგათზე დიდი რუსული საქმე საქართველოში არავის უკეთებია დღემდე და ისინი გვეძახიან მოღალატეებს და რუსებს. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება თავი შეიკავო ქართველმა ადამიანმა და საკადრისად არ უპასუხო. ამათ სხვა არაფერი არ შერჩენიათ, არაფერი არ შეუძლიათ. ამის შემდეგ მათი პროპაგანდისტული არხები აშუქებენ მხოლოდ ცალ მხარეს. აშუქებენ იმას თუ როგორ დაზიანდნენ თავისი აქტივისტები. არ აშუქებენ თუ როგორ დაიწყო ეს პროცესები მელიქიშვილის გამზირზე, არ აშუქებენ თუ როგორ აგინებდნენ ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც იყვნენ მუშა პროცესში, შტაბში.
ეს თავიდან ბოლომდე არის მართული პროცესი.
ეს არის საზღვრებს გარეთ დაწერილი სცენარი და მოქმედებენ ევროპელების მითითებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ყოველ დღე გაგრძელდება, რომ მაქსიმალურად ტემპი წამოსწიონ, შეინარჩუნონ მუხტი დაძაბულობის“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.