ვინ იყო ნიკოლოზ დადიანი, რომელსაც შტრაუსმა ნაწარმოები მიუძღვნა

ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი-მინგრელსკი, ფორმალურად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, თუმცა აღმასრულებელი ძალაუფლება მას არც არასოდეს ჰქონია. მამამისი, დავით დადიანი (1813-1853) გახლდათ რეგიონის ბოლო რეალური მმართველი.

ნიკო დადიანი დაიბადა 1847 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში. მამის გარდაცვალების შემდეგ ის გახდა საქართველოს უკანასკნელი დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი, მაგრამ მისი მცირეწლოვნების გამო მეურვის სტატუსით სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882). ეკატერინეს რეგენტობის წლები მღელვარებისა და ძალადობის ხანას დაემთხვა. 1854 წელს, ყირიმის ომის დროს, ოსმალეთის რაზმები სამეგრელოში შეიჭრნენ და ერთხანს ზუგდიდიც კი დაიპყრეს. მას შემდგომ, რაც 1856 წელს რუსეთის დახმარებით თურქები სამთავროდან გარეკეს, სამეგრელო სახალხო აჯანყებამ მოიცვა, რომელიც დადიანების მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე II-ის ზეწოლის შედეგად ეკატერინე გადადგა და 1857 წელს სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა.

შემდგომ ათწლეულში დადიანების ოჯახი ჯერ სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, ნიკოს უმცროსი დის, თამარის (1853-1859) გარდაცვალების შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში გადასახლდნენ.

ნიკომ განათლება პარიზში მიიღო. 1866 წელს ალექსანდრე II-მ იგი სანკტ-პეტერბურგში აუდიენციაზე გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, რომ სამეგრელოს ტახტზე უარი ეთქვა. სანაცვლოდ, იმპერიის არისტოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი და “მისი ბრწყინვალება სამეგრელოს პრინცის” ტიტული შესთავაზა.

ნიკო მიხვდა, რომ უკეთესს უკვე აღარაფერს შესთავაზებდნენ და 1867 წელს  ოფიციალურად გადადგა. სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიას მიუერთდა. ამით დადიანების ოჯახის მმართველობის ხანა დასრულდა.

1874 წელს ნიკო დადიანი მერი ალდერბერგზე, რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილზე დაქორწინდა. ევროპაში ქორწილის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მათ უამრავი ხალხი მხიარული შეძახილებით ხვდებოდა და ყოველ გაჩერებაზე ქეიფი იმართებოდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკი 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან იყო რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, 1878-დან – გენერალ-მაიორი.

1877-1878 წლებში ნიკომ რუსეთის არმიის ოფიცრის სტატუსით კიდევ ერთ რუსეთ-თურქეთის ომში მიიღო მონაწილეობა. მან ცენტრალურ ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში იომა, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკას გადასასვლელი იქნა მოპოვებული. ქალაქ სოფიას დაპყრობაშიც იყო ჩართული.

შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის ნიკომ რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზე იქნა წარდგენილი. ავსტრიელმა კომპოზიტორმა, იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით “ნიკო-პოლკა” (თხზ. 228), რომელიც მის გმირულ სამსახურს მიეძღვნა.

1882 წელს ეკატერინე გარდაიცვალა. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ნიკო მთელ კავკასიაში უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პერიოდში იგი ქველმოქმედებით დაინტერესდა.

ნიკო დადიანი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი (1879-), ხოლო, 1885 წლიდან –  საზოგადოების საპატიო წევრი.

1885 წელს ნიკომ თავისი პირადი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“. ბიბლიოთეკა სკრუპულოზურად იყო დალაგებული მამამისის, დავით დადიანის მიერ. აღსანიშნავია, რომ ასობით უნიკალურ ნაშრომთან ერთად, ბიბლიოთეკა მოიცავს X და XI საუკუნეებით დათარიღებულ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხელნაწერებს.

მოგვიანებით ეს კოლექცია საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა (დღეისათვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).

ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილსა და სხვა მოღვაწეებთან ერთად, ნიკო დადიანი სასტიკი წინააღმდეგი იყო რუს ჩინოვნიკთა მცდელობისა, სამეგრელოში საეკლესიო ენად მეგრული დაემკვიდრებინათ და მეგრული ანბანი შემოეღოთ.

მან რამდენიმე სკოლა და კლინიკა გახსნა, რომლებიც სამეგრელოს უქონელ მოსახლეობას ემსახურებოდა და ქართული ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რადგან რეგიონში რუსული ენა როგორც საერთო სალაპარაკო ენა სულ უფრო დომინირებდა. ამასთანავე, ტარდებოდა პოლიტიკა, რომელიც საქართველოს რუსეთთან კულტურულ ინტეგრაციას უწყობდა ხელს.

ბულგარეთის ტახტიდან მმართველი პრინცის ალექსანდერ ფონ ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. ამან ნიკო მთელ ევროპაში ცნობილი, თანაც საკამათო პოლიტიკური ფიგურა გახადა და საზოგადოებაში მისი მეგრული წარმომავლობისადმი ინტერესი აღძრა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელიც ბატენბერგის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანაც ევროპულ ქვეყნებს არ სურდათ, ბულგარეთის ტახტზე რუსეთის პროტეჟე ასულიყო. საბოლოოდ, ტახტი ფერდინად I-ს, საქს-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელს, ხვდა წილად.

ნიკო დადიანი 1903 წლის 23 იანვარს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მარტვილის ეკლესიაში დაკრძალეს. სამეგრელოში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა და სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა რეგიონის მრავალ დაბასა თუ სოფელში.

ნიკოლოზ დადიანს ოთხი შვილი ჰყავდა: ეკატერინე, რომელიც ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, ნიკოლოზი (1876-1919), სალომე-მია (1878-1961) და მენიკი (1880-1954), რომელიც კესარია ჩიქოვანთან შეძენილი უკანონო შვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები