რატი იონათამიშვილი: დღეს საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო რეპუტაცია უმაღლეს ნიშნულზეა ასული

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს, პარასპორტსმენების მიღწევებზე და პარასპორტული მიმდინარეობის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„წელს, დღემდე 39 მედალი ჰქონდათ ჩვენს პარასპორტსმენებს მოპოვებული. მაგრამ სანამ „მინისტრის საათი” მიმდინარეობდა ჩვენმა ორმა ვარსკვლავმა – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა საქართველოში კიდევ ორი მედალი, ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს იტალიაში და დღეს 41 მედალი გვაქვს უმაღლეს საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული. საინტერესოა, რომ ამ 41 მედალში, 20 ქალ პარასპორტსმენის ანგარიშზეა და 41 მედლიდან პარაოლიმპიური სპორტის  ხუთ სახეობაში 23 სხვადასხვა პარასპორტსმენმა მოიპოვა ეს მედლები. ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი და ძალიან დიდი პროგრესი, რაც შეუძლებელი იქნებოდა რომ არა სახელმწიფოს პროაქტიული მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ჩვენ ის წლებიც გვახსოვს, როდესაც სახელმწიფო საერთოდ არ აღიარებდა და ვერ ამჩნევდა პარაოლიმპიურ მოძრაობებს და პარაოლიმპიურ სახეობებში 2013 წლამდე ჩვენ ნული მედალი გვქონდა.

დღეს სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერამ და შესაბამისმა დაფინანსებამ მოგვცა ეს პროგრესი და გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ დღეს, საბოლოო ჯამში 300-ზე მეტი პარასპორტსმენი გვყავს, მაშინ როცა 2013 წლამდე მათი რიცხვი მხოლოდ სამი იყო. სახელმწიფოს მხარდაჭერამ შესაძლებლობების კარი გააღო იმ ასეულობით შშმ პირისთვის, ვისთვისაც მანამდე ეს კარი დახურული იყო. ისინი დღეს მაგალითები არიან არა მხოლოდ შშმ თემისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის ჩვენს ქვეყანაში. ცხადია ჩვენ გვაქვს გამოწვევები და ჩვენ სამინისტროსთან გვაქვს პროაქტიული კომუნიკაცია და ყველა საკითხს დიალოგით ვაწესრიგებთ და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ დღეს საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო რეპუტაცია უმაღლეს ნიშნულზეა ასული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის წევრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები