თეა ახვლედიანი: ახალგაზრდებს ჩვენ მივიჩნევთ, როგორც ძალიან მყარ ხიდს ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე

ახალგაზრდებს ჩვენ მივიჩნევთ, როგორც ძალიან მყარ ხიდს ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგების და ნდობის აღდგენის გზაზე; ამ პროცესში ჩვენ არაერთი ინიციატივით გამოვედით და მომავალშიც გამოვალთ თქვენს მხარდასაჭერად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით – „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მშვიდობის საერთაშორისო დღე, მოგეხსენებათ, გლობალურად აღინიშნება ცეცხლის შეწყვეტის და ძალის გამოუყენებლობის მხარდასაჭერად; საქართველოში ამ დღის არსს და დატვირთვას ჩვენ, ყველა უკვე მრავალი წელია, ყოველდღე კარგად ვაცნობიერებთ და ვაფასებთ. ეს დღე ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად და ზოგადად ფართო რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების უკიდურესი გამოწვევების ფონზე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს მშვიდობის მაღალ ფასეულობას და მის სასიცოცხლო მნიშვნელობას ჩვენი კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს! მე მინდა ეს კიდევ ერთხელ დღეს ხაზგასმით განვაცხადო. სწორედ ამ დღეებში საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება ნიუ-იორკში და ხვალ ის გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, მსოფლიო ტრიბუნიდან მიმართავს საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის დასრულების აუცილებლობას. სწორედ ეს არის საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ხედვა, რომელიც უკავშირდება მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობას, რომლის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და უსაფრთხოება.

როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო დღის წესრიგში სულ უფრო დიდ დატვირთვას იძენს ახალგაზრდების არსებითი მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ბევრ ახალგაზრდას დღემდე უწევს მიმდინარე ოკუპაციისა და კონფლიქტის პირობებში ცხოვრება და მათი ფუნდამენტური უფლებების რეალიზებისთვის ბრძოლა. ამავდროულად, ახალგაზრდებს აქვთ გამორჩეული როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში და ჩვენ აქ ვართ სწორედ იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალი, დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობის თაობაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროებს, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჩვენ ასევე ყველამ ვიცით, რომ შეიარაღებული მოქმედებების, ომის, ცეცხლის შეწყვეტას ავტომატურად მშვიდობა არ მოაქვს და ამას სჭირდება ყოველდღიური შრომა და ძალისხმევა. ახალგაზრდებს ჩვენ მივიჩნევთ, როგორც ძალიან მყარ ხიდს ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგების და ნდობის აღდგენის გზაზე; ჩვენ თქვენს მნიშვნელობას არამარტო სიტყვებით გავუსვამთ ხაზს, ამ პროცესში ჩვენ არაერთი ინიციატივით გამოვედით და მომავალშიც გამოვალთ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები