მაკრონი აცხადებს, რომ პუტინი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით ახალ შეცდომას უშვებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით ახალ შეცდომას უშვებს. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინის მიერ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილება ახალი შეცდომაა. მე მკაფიოდ ვფიქრობ, რაც ჩვენ გვჭირდება არის მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა. პუტინის გადაწყვეტილება ომის დონის გაზრდის შესახებ ცუდი ამბავია რუსი ხალხისთვის, ცუდი ამბავია რუსი ახალგაზრდებისთვის და ცუდი ამბავია რუსეთისთვის, რადგან ეს გაზრდის საკუთარი ქვეყნის იზოლაციას“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის გამო შეშფოთება ჩინეთმა და ინდოეთმაც გამოხატეს.
„დღეს რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებულია და უფრო და უფრო ერთგულია ომის, რომელიც მხოლოდ მას სურს. ეს ომი უკანონო და არალეგიტიმურია. ყველა მშვიდობისკენ მოუწოდებს. აღარავის ესმის რუსეთის მიერ გაკეთებული არჩევანის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
ამასთან, კრემლის ლიდერის მტკიცებით, დასავლეთი რუსეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს, თუმცა, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსეთი მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს.