რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში ომის დასრულება სთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი აღდგომისთვის დასრულდება.
„მე ვესაუბრე ტრამპს და ვთხოვე, რომ ომი დაესრულებინა“, – ციტირებს მის სიტყვებს გაზეთი „მესაჯერო“.
რომის მახლობლად, კასტელ განდოლფოში, თავის რეზიდენციაში მყოფ ჟურნალისტებს პაპმა განუცხადა, რომ აღდგომის დღესასწაული წლის ყველაზე წმინდა, ყველაზე წმინდა დრო, მშვიდობისა და რეფლექსიის დრო უნდა იყოს.
„შესაძლოა, აღდგომას ზავი იყოს, მაგრამ უკვე არსებობს ნიშნები… შესაძლოა, ომი აღდგომამდე დასრულდეს, იმედი ვიქონიოთ“, – ციტირებს რელიგიური სააგენტო პაპის სიტყვებს.
მისი თქმით, მას აცნობეს, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ომის დასრულების სურვილი.
„ვიმედოვნებთ, რომ ის ეძებს გამოსავალს და ძალადობისა და დაბომბვის შემცირების გზას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში მუდმივად მზარდი სიძულვილის აღმოფხვრაში“, – განაცხადა რომის პაპმა.
ლეო XIV-მ ადრე არაერთხელ ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, აიღონ მორალური პასუხისმგებლობა თავიანთ გადაწყვეტილებებზე. „ძალადობის სპირალზე“ საუბრისას, რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ელოცათ, რომ „ბომბების ღრიალი შეწყდეს, იარაღი გაჩუმდეს და დიალოგისთვის სივრცე გაიხსნას, რომელშიც ხალხის ხმა გაისმის“.
მან ასევე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა და ტანჯვა „სკანდალია მთელი კაცობრიობისთვის“. ამასთან, რომის პაპმა დასძინა, რომ შეშფოთებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებს, რომლებიც „ომითა და ძალადობით არის განადგურებული“.