დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ – ორი სამოგზაურო ალბომის წარდგენა გაიმართება
3 აპრილს, 19:00 საათზე, გალერეა ვერე თბილისსა და კავკასიაზე ორი ახლად გამოვლენილი სამოგზაურო ალბომის წარდგენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ალბომები „Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“ აერთიანებს 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ აკვარელებსა და გრაფიკულ ჩანახატებს – სულ 62 ნამუშევარს.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული მასალა აქამდე არსად გამოქვეყნებულა და უცნობი იყო ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მისი გამოვლენა და სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს კავკასიისა და თბილისის ისტორიის კვლევებისთვის.
პირველადი შეფასებით, ალბომები დაკავშირებულია შვეიცარიელ ნატურალისტსა და არქეოლოგთან – ფრედერიკ დუბუა დე მონპერესთან (1798–1850).
ალბომებში ასახული მარშრუტი მოიცავს:
აფხაზეთს, სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს, თბილისს, სომხეთს, ფასანაურს, ყაზბეგსა და ყაბარდოს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის ამსახველ სერიას – ჩანახატები ასახავს ქალაქს გარდამტეხ პერიოდში, როდესაც შუა საუკუნეების ურბანული ავთენტიკურობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ხოლო იმპერიული მოდერნიზაცია მხოლოდ იწყება.
ალბომების მნიშვნელობას, მათ მაღალმხატვრულ ღირებულებასთან ერთად, განსაზღვრავს მათი უნიკალური სამეცნიერო პოტენციალი.
„Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“ უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც გამორჩეული ვიზუალური არტეფაქტები, არამედ როგორც XIX საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიისა და სივრცითი მეხსიერების მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებენ კავკასიის და საქართველოს აღქმას იმპერიული მზერის პრიზმიდან და მნიშვნელოვანნი არიან კოლონიალიზმის კვლევებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.