„ის ნეგატივი, რაც გლობალურმა შოკმა ეკონომიკაში გამოიწვია, მთლიანად აღმოფხვრილია” – გიორგი ცუცქირიძე ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს აფასებს

ის ნეგატივი, რაც გლობალურმა შოკმა ეკონომიკაში გამოიწვია, მთლიანად აღმოფხვრილია, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შეაფასა.

„დღევანდელი მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსავლები გაზრდილია მილიარდ 266 მილიონი ლარით. ეს დიდი რიცხვია. ეს საშუალებას იძლევა, მთავრობას ბიუჯეტთან მიმართებით მთელი რიგი პარამეტრები დაეკორექტირებინა.
პირველი – ესაა მთავრობის საგარეო ვალის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან. 6 %-იანი ზრდის პირობებში ეს მაჩვენებელი 51 %-ზე იყო დადგენილი. ახლა ეს მაჩვენებელი 40 %-მდე მცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა წელს გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს აიღებს. ეს თანხები სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად მიემართება. მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, როგორია ბიუჯეტის დეფიციტი, ანუ როგორ იფარება შემოსავლები გასავლით. 6 %-იანი ზრდისას დეფიციტი დადგენილი იყო 4,4, % -ზე, რაც ცუდი პარამეტრი არ იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წელს 9 %-მდეც კი იყო აწეული. წელს 4, 4 %-დან ესეც 3, 2 %-მდე მცირდება. ჩვენ, ფაქტობრივად, 2019 წლის, ანუ კრიზისის წინა პერიოდის მაჩვენებლებზე დავდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნეგატივი, რაც გლობალურმა შოკმა გამოიწვია, ეკონომიკაში მთლიანად აღმოფხვრილია. ეს პარამეტრები ამას თვალნათლივ აჩვენებს.
მნიშვნელოვანია, სად წავა ეს ფული. მთავრობამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამოთავისუფლებული რესურსები მიემართება სოციალური პროგრამების, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების, სხვადასხვა სახელფასო პროგრამის დაფინანსებისკენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა შევთანხმდეთ, რომ ბიუჯეტის ზრდა იმ პროგნოზით, რაც წლის ბოლომდე გვაქვს, კიდევ უფრო მაღალი იქნება. აქედან გამომდინარე, დამატებით სხვა პროგრამების დაფინანსებაც შეგვიძლია.
რაც შეეხება ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ხაზგასმაა ხოლმე იმაზე,  რომ ეს რიცხვები არაფერს იძლევა, თუნდაც, იგივე მოსახლეობისთვის, რომ მაცივრები ცარიელია და ა.შ. უნდა აღვნიშნო, რომ მაცივრები ცარიელია დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, მაცივრები ყოველთვის ივსება ხოლმე. იზრდება ადამიანების დასაქმება და შემოსავლები. ვხედავთ, რომ დასაქმების მაჩვენებელი თუნდაც პირველ ორ კვარტალში გასულ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.
მეორე, რასაც ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ ხოლმე, ესაა ის, რომ საქართველო ღარიბ ქვეყნად რჩება. მინდა ვთქვა, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს მაჩვენებლებიც ორჯერაა შემცირებული“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, წლიური ზრდა მინიმუმ 9, 5 % იქნება.

„დღეს ვაფასებთ ბიუჯეტს და ბოლო მონაცემებს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. ეს ეხება აგვისტოში საგარეო-სავაჭრო ბრუნვის გაზრდილ სარეკორდო მაჩვენებელს. ზოგადად, ბიუჯეტი ეკონომიკურ აქტივობასა და ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირაა დაკავშირებული. მოგეხსნებათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, როგორ წესი, წინა წელს იგეგმება. როცა ბიუჯეტი დაიგეგმა, ის ორიენტირებული 6 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო. შემდეგი პარამეტრი, რომელიც ასევე დაკავშირებულია ზრდის მაჩვენებლებთან, ესაა თავად ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალის, მთავრობის ვალს ვგულისხმობ, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართება. მოგეხსენებათ, რომ პანდემიური პერიოდში ქვეყანას ვალების აღება მოუწია. ეს იძულებითი ღონისძიება იყო გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა გაჩერდა. გლობალურმა შოკმა ნეგატიურად არა მარტო ჩვენს, არამედ, მსოფლიო ეკონომიკაზე იმოქმედა. შესაბამისად, ჩვენ დამატებითი პროგრამების დაფინანსება დაგვჭირდა, მათ შორის, ჯანდაცვის და სოციალურ სექტორებში. აქედან გამომდინარე, ვალების აღება მოგვიწია. ვალის მაჩვენებელი 60%-საც აცდა და ეს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მთავარი ამოცანა იყო, როგორ მოხერხდებოდა ამ პარამეტრების შემცირება. მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტი მაღალ მაჩვენებელზე იყო, დაახლოებით 7 %, შემდეგ 9 %- საც მიუახლოვდა.
ეკონომიკურმა ზრდამ ნაცვლად 6 %-ისა, პირველ 7 თვეში 10, 3 % შეადგინა. აგვისტოში ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს: გასული წლის აგვისტოს თვის მონაცემებთან შედარებით 40, 4 %-ითაა გაზრდილი. ეს ძალიან დიდი რიცხვია ბაზისურ ეფექტთან მიმართებით, შარშანაც არ გვქონდა დაბალი ზრდა – აგვისტოში ექსპორტში დაახლოებით 24 %-მდე იყო. მნიშვნელოვანია 2 კვარტალში ინვესტიციების სარეკორდო ზრდასაც, ასევე, ტურიზმის აღდგენის დონეც, ივლის – აგვისტო რომ ავიღოთ, ტურიზმი, ფაქტობრივად, 100 %-ითაა აღდგენილი, პირველ შვიდ თვეში კი – 87 %-ით. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აგვისტოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით ორნიშნა რიცხვთან. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ წლიურ მაჩვენებელში ქვეყანა გავიდეს არათუ უკვე დაკორექტირებულ, წლიურ 8, 5 %-ზე, არამედ წლის ბოლოს უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებელიც გვქონდეს. ჩემი პროგნოზით, წლიური ზრდა მინიმუმ 9, 5 % იქნება. უფრო ოპტიმისტური პროგნოზით ამ წელსაც, როგორც გასულ წელს, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. აქედან უნდა შეფასდეს ბიუჯეტიც“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები კი, მილიარდ 266 მილიონით იზრდება.
„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს – რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს 8,5%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე არსებული 6%-ისა, ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 72,2 მლრდ ლარამდე, რითაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6 500 დოლარს აჭარბებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 16 824,0 მლნ ლარის ოდენობით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე – ესაა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება.

„პირველი არის მაკროეკონომიკური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც ქვეყნისთვის მდგრადი და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი პირობაა და მეორე – ესაა მიმდინარე საჭიროებებზე დამატებითი ფინანსების გამოყოფა. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, რაც იმაზე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე პერიოდშიც კი. მთავრობის ვალის შემცირება 60%-დან უსაფრთხო – 40%-იან ნიშნულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები