“აქციების დაშლა გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს” – წილოსანი
“თუ აქამდე ვამბობდით, რომ ოპოზიცია რეპუტაციისა და მორალისგან იყო დაცლილი, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია ინტელექტისგანაც დაცლილია – ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი შეიძლება ისეთ აქტივობას გასცდეს, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციებს სათანადო მუხტი არ აქვს.
“მიმდინარე აქციებმა რამდენიმე რამ დაგვანახა: ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო. შესაბამისად, ისინი აქციებზე არ გამოდიან და აქციებს სათანადო მუხტი არ აქვს.
მეორე – დავინახეთ ის, რომ ოპოზიციას არც გარედან აქვს მხარდაჭერა. მათი პარტნიორების მხრიდან რესურსი წინასაარჩევნო განცხადებებში ჩაიდო და როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით დამარცხებული და წაგებულია, ეს მხარდაჭერა გარედანაც დაიცალა.
მესამე – მთელი ამ დღეების მანძილზე, იმდენად ამორალურ, სადისტურ, ბინძურ მოქმედებებს ახორციელებენ, ამ ყველაფრის შემხედვარე მობილიზებას ვერ შეძლებენ.
აქციების დაშლა გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს – უარგუმენტოდ არავინ დაიჯერებს სიგიჟეს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აღარავის აღარ უნდა ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა!”, – აღნიშნავს წილოსანი.