კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს პოეტის, ფოლკლორისტისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, შარლოტა კვანტალიანის გარდაცვალების გამო

კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს – პოეტის, ფოლკლორისტისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, შარლოტა კვანტალიანის გარდაცვალების გამო.
შარლოტა კვანტალიანი 1991 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გახლდათ. 1980 წლიდან მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1997 წლიდან კი – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. სწორედ მისი ინიციატივით, 1994 წელს, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი გაიხსნა, სადაც თავად კითხულობდა ლექციებს, მოგვიანებით კი, ამავე უნივერსიტეტში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფოლკლორის კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში.
სხვადასხვა წელს, შარლოტა კვანტალიანი იყო მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანიზაციის, ალმანახ „ალგეთის” მთავარი რედაქტორი; გაზეთ „მწერლური ცხოვრების” რედაქტორის მოადგილე. 2003 წლიდან”, ის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი იყო. მან დააფუძნა გამომცემლობა „ვეფხისტყაოსანი“, სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა“ და სალიტერატურო გაზეთი „ლიტერატურული ქრონომეტრი“.
მან გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები) ათზე მეტი წიგნი. მის ლექსებზე შექმნილია არაერთი სიმღერა; ლექსები ასევე თარგმნილია რამდენიმე ენაზე.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი შარლოტა სკოლის ასაკში გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი სპორტულ ტანვარჯიშში. იგი ასევე თამაშობდა რუსთავის სახალხო თეატრის სცენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები