ეროვნულ გალერეაში მხატვრების – დათო კრაწაშვილისა და მანუჩარ ოქროსცვარიძის პერსონალური გამოფენები გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დათო კრაწაშვილის პერსონალურ გამოფენას ,,დრო” (პირველი სართულის N1 სივრცე) და მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიურ გამოფენას – „სად ვართ ახლა?“ (პირველი სართულის N2, 3, 4 სივრცეები) მასპინძლობს.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი ვალერი ასათიანი დაესწრნენ.
დათო კრაწაშვილის გამოფენის გახსნისას, კულტურის მინისტრმა ისაუბრა 1980 წელს, 17 წლის ასაკში გარდაცვლილი მხატვრის, დათო კრაწაშვილის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე. მან ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებას ამ ორი, სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე გამოფენის ნახვისკენ მოუწოდა.
პატარა გენიოსად წოდებული დათო კრაწაშვილის გამოფენას ეროვნული გალერეა პირველად მასპინძლობს და მის ფარგლებში გამოფენილია მხატვრის ოჯახის პირად კოლექციაში დაცული 38 ნამუშევარი, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 2 ფერწერული ტილო, რომელიც გასულ წელს, კულტურის სამინისტრომ მუზეუმისთვის შეიძინა.
დათო კრაწაშვილი ძალიან ახალგაზრდა, 17 წლის გარდაიცვალა, ის მრავალმხრივი შემოქმედი იყო. მხატვარმა მისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე შექმნილი 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური დატოვა. „ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენიის ნაწილი დაგვიტოვა“, – ასე წერდა ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე მაქს გეიტორი დათო კრაწაშვილზე.
მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური გამოფენა ასევე განსაკუთრებული პროექტია, რომელიც იკვლევს ხელოვნების წინააღმდეგობრივ და რთულ ბუნებას. როგორ შეგვიძლია, ხელოვნების საშუალებით, ერთი მხრივ, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ რეალობა, ყოფიერება დ, მეორე მხრივ, მოვშორდეთ და დავიცვათ თავი ყოფიერი თუ სოციალური რუტინისგან? კონკრეტული ბედის განცდიდან გადავინაცვლოთ აბსტრაქტული იდეების განზომილებაში? ამ კითხვების საპასუხოდ და საკვლევად პროექტი სამ სხვადასხვა მდგომარეობას გვთავაზობს. თითოეული მდგომარეობის გადმოსაცემად ხელოვანი სხვადასხვა მედიუმსა და ვიზუალურ ენას იყენებს.
დათო კრაწაშვილისა და მანუჩარ ოქროსცვარიძის გამოფენების ხილვას დამთვალიერებელი 24 სექტემბრის ჩათვლით შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები