მამუკა არეშიძე 2008 წლის აგვისტოს ომის სკანდალურ დეტალებს ახმაურებს (ვიდეო)
ექსპერტი მამუკა არეშიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის აქამდე უცნობ დეტალებს ახმაურებს. ექსპერტის თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის ორივე მხარე ომის დაწყების შესახებ შეთანხმებულები იყვნენ, რითაც საქართველო დიდ გეოპოლიტიკური თამაშში მონაწილეობდა. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად მამუკა არეშიძე რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზებთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.
როგორც არეშიძე ყვება, 2006 წელს ვენაში შედგა ქართულ-აფხაზური შეხვედრა, რომელსაც ქართველი ჩინოვნიკებიც ესწრებოდნენ. ექსპერტის თქმით, მათ აფხაზურმა მხარემ უთხრა, რომ ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის კონტექსტში მოლაპარაკებისთვის მზად იყვნენ, რისთვისაც აუცილებელი პირობა იყო, რომ მათთან ჩასულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და ჩამოეტანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დადებითი პასუხი, რომ ის თანახმა იყო თანამშრომლობისთვის.
როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, ალასანიამ აფხაზებთან თანამშრომლობაზე მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო. ამასთან, როგორც მამუკა არეშიძე ყვება, მან საკუთარი თვალით ნახა, 2007-2008 წლბში, როგორ ემზადებოდა რუსეთი ომისთვის. მისი თქმით, ჯავის რაიონში, სოფელ მსხლებში კეთდებოდა რუსული სამხედრო შტაბი, ხოლო ცხინვალში კერძო სახლების ქვემოთ ბუნკერებს აკეთებდნენ. ექსპერტი გორის ბაზაზე და კოდორში მტრისთვის იარაღის დატოვების ფაქტებსაც იხსნებს და აღნიშნავს, რომ ქართულ მხარეს იარაღი უნდა გაენადგურებინა, თუმცა ასე არ მოიქცა, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იარაღი გაიყიდა. მამუკა არეშიძე იხსნებს, რომ 2008 წლის 8 სექტემბერს ერთი-ერთი საწარმოს მფლობელები გვიან ღამით წამოყარეს და საწარმო სასწრაფოდ სხვა პიროვნებებზე გადააფორმეს, ხოლო დილით სომხეთიდან საწარმოს ანგარიშზე დაჯდა 48 მილიონი დოლარი. ექსპერტის ვარაუდით, ეს სწორედ იარაღის გაყიდვისთვის აღებული ფული იყო. ექსპერტის თქმით, საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში მონაწილეობაზე ისიც მიანიშნებს, რომ რამდენადაც მკაფიო იყო თეთრი სახლის განცხადებები, იმდენად ბუნდოვანი იყო პენტაგონი.
საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა „კვირა“ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ რამდენიმე თვის წინ ჩაწერა, თუმცა თემის აქტუალობიდან გამომდინარე პორტალი ინტერვიუს დღეს გთავაზობთ.
დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=CMWv7BgK__Q” width=”560″ height=”315″]