გიორგი გობრონიძე: პოლიტიკოსები ძირითადად იმაზე ფიქრობენ, თუ რა სახის მესიჯი იქნება მისაღები საზოგადოებისთვის
“ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს პიარმესიჯებს. პოლიტიკოსები (მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციასაც ვგულისხმობ) ძირითადად იმაზე ფიქრობენ, თუ რა სახის მესიჯი იქნება მისაღები საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
გობრონიძე ინტერვიუში რეგიონში განვითარებულ პროცესებს აფასებს.
“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი პრორუსულია. ეს რომ ვთქვათ, სახეზე უნდა იყო კონკრეტული პოლიტიკური ხედვა, კონცეფცია და გეგმა. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკურ ნარატივებს მთლიანად ფარავს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება. ჩვენს ქვეყანას სერიოზული კონცეპტუალური პოლიტიკა არც გააჩნია. არც ის ვიცით, სად ვართ და არც ის ვიცით, სად მივდივართ. სიმართლე ვთქვათ, რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას ვერ გავატარებთ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, თუმცა თუ ვიტყვით, რომ საქართველო დასავლური კურსიდან უხვევს, იმიტომ, რომ შეფერხებულია ქვეყნის დემოკრატიზაცია, დიახ, ეს სიმართლე იქნება. რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას კი ვერ გავატარებთ იმიტომ, რომ რუსული საგარეო პოლიტიკა დღეს იმაზე გაცილებით ტოქსიკურია, ვიდრე ოდესმე. გარდა ამისა, რუსეთს უკვე ყველაფერი დავუთმეთ (გარდა სუვერენიტეტისა), რისი დათმობაც შეიძლებოდა, ამაზე მეტის დათმობა შეუძლებელია
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი დეტერმინატი მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებია და არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ხვალ რუსეთი საფრთხის წყარო აღარ იქნება, თუ რაიმე დიდი კატასტროფა არ მოხდა რუსეთში. მე თუ მკითხავთ, ასეთი კატასტროფა უკვე ხდება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ქართულ-რუსული ურთიერთობა მაინც ვერ დალაგდება. საამისოდ არც ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განმსაზღვრელი არ არსებობს. ერთადერთი, რაც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაალაგებს, ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებაა. ომის თავიდან არიდებაზე საუბარი კი სპეკულაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსკოვს ახლა მეორე ფრონტის გახსნის საშუალება აქვს?! ნახეთ რა ხდება უკრაინის ფრონტზე, რუსეთი მარცხდება! ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ფრონტიდან მოხსნას სამხედრო ძალა და ჩვენკენ გადმოისროლოს. ხომ ხედავთ, რომ რესურსი აღარ აქვს?! ომის თავიდან არიდებაზე საუბარი შიდა მოხმარებისთვის გათვლილი ნარატივია.
ქართული პოლიტიკა ძალიან ჰგავს პიარმესიჯებს. პოლიტიკოსები (მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციასაც ვგულისხმობ) ძირითადად იმაზე ფიქრობენ, თუ რა სახის მესიჯი იქნება მისაღები საზოგადოებისთვის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა და ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეცდებოდნენ მეორე ფრონტის გახსნით? ვის სჭირდებოდა ჩვენი ომში ჩართვა, რა ძლიერი არმია ჩვენ გვყავს, რა იმედით უნდა ეთხოვათ სამხედრო კონფლიქტში ჩართვა – ჩვენი დივიზიები გადალახავდნენ კავკასიონის ქედს და მოსკოვამდე ჩავიდოდნენ თუ რა? რატომ უნდა ეთქვა ასეთი სისულელე რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს?! თუნდაც რუსეთის დემონიზება ამაზე მეტად როგორღა უნდა მოხდეს?! მსოფლიომ უკვე გაიგო, რომ უმწეო ქალებსა და ბავშვებს ხოცავენ და აწამებენ… უკრაინის ინტერესებში შედის ერთადერთი რამ – დამარცხდეს რუსეთი და გათავისუფლდეს უკრაინის მიწები. ამ ქვეყნის ინტერესებში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი, თუ თურქეთის მსგავსი არმია გვეყოლებოდა. უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ბევრი რამ თქვეს, თუნდაც მოლდაველებზე… ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძლება ბევრი რამ თქვას
2008 წლის ომის დროს ჩვენც ხომ ძალიან გვინდოდა ამერიკელებს როკის გვირაბი დაებომბათ?! ჩვენი ემოციები რატომ გვავიწყდება?! ჩვენ არ ვგრძნობდით თავს იმედგაცრუებულად, ამერიკელებმა წყალი და პამპერსები ჩამოგვიტანეს გემითო?! სინამდვილეში ის გემი მეექვსე ფლოტილიის ფლაგმანი იყო, რომელიც ბათუმიდან მოსკოვს მისწვდებოდა რაკეტებით, ჩვენს აეროდრომებზე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ისხდნენ და რუსულ ავიაციას თბილისის დაბომბვის საშუალებას არ აძლევდნენ. ჩვენ თუ გვინდოდა მეტი მხარდაჭერა და დახმარება, რატომ გვგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ზეადამიანები არიან?!
მოსკოვი ცდილობს აქ პოლიტიკური კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნასა და პრორუსი ჯგუფების გააქტიურებას. დააკვირდით, ცოტა ხანში რუსული კლასტერები იმაზე მეტად თავზე ხელაღებულები გახდებიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. იმიტომ, რომ მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ნამდვილად უნდა ველოდოთ შიდაარეულობებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დაპირისპირებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობებსა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას”, – აცხადებს გიორგი გობრონიძე.